ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალმა (TIFF) ჰამასის 7 ოქტომბრის ტერაქტზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე თავდაპირველად უარი თქვა.
Associated Press-ი ციტირებს TIFF-ის წარმომადგენლის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ "არ დაკმაყოფილდა ფესტივალში ჩართვის ზოგადი მოთხოვნები და პირობები, რომლებიც თავდაპირველი მოწვევის დროს იყო მოთხოვნილი, მათ შორის კადრების [გამოყენების] იურიდიული ნებართვა".
"მოთხოვნილი პირობების მიზანი იყო TIFF-ის დაცვა იურიდიული პასუხისმგებლობისგან და საკმაოდ სენსიტიურ საკითხზე ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ და ცნობილ რისკებთან გამკლავებისა და შემცირების შესაძლებლობის მიცემა TIFF-ისთვის." - ნათქვამი იყო კინოფესტივალის განცხადებაში.
გამოცემა Deadline-მა, რომელმაც ეს ცნობა პირველად გაავრცელა, ხაზი გაუსვა, რომ ფილმის რეჟისორებს კინოფესტივალისგან დაევალათ ჰამასის მიერ გავრცელებული ხოცვა-ჟლეტის კადრების იდენტიფიცირება და გამოყენების ლეგალური ნებართვის მიღება.
Deadline-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, TIFF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამერონ ბეილიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მზადაა იმუშაოს ფილმის შემქმნელებთან, რათა კინოფესტივალზე ჩვენების მოთხოვნები დააკმაყოფილონ და ფილმის ჩვენება წლევანდელ ღონისძიებაზე შესაძლებელი გახდეს.
"მე ვთხოვე ჩვენს სამართლებრივ გუნდს იმუშაონ ფილმის შემქმნელებთან ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვასთან დაკავშირებით" - წერდა ბეილი განცხადებაში.
The Road Between Us: The Ultimate Rescue არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას ეხება. ის ეფუძნება ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერლის, ნოამ თიბონის ამბავს. თიბონმა 7 ოქტომბერს ოჯახის წევრები და მუსიკალური ფესტივალის სტუმრების ნაწილი გადაარჩინა.





