უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის მეთაურმა, ვასილი მალიუკმა, ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოპერაცია "აბლაბუდის" განხორციელება 9 მაისამდე იგეგმებოდა, თუმცა შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთში სატვირთო მანქანების ადგილობრივი მძღოლების განგრძობითი ალკოჰოლური თრობა გახდა.
"9 მაისამდე ვგეგმავდით ამ ოპერაციის ჩატარებას. მაგრამ აღდგომამდე იქ, (მძღოლებმა) განგრძობითი სმა დაიწყეს, უკაცრავად, ძლიერ სპირტიანი ალკოჰოლის მოხმარება დაიწყეს... ხან ერთი მძღოლი არ იყო, ხან მეორე. შემდეგ "პირველმაისობა" დადგა, ერთი კვირა არ ჩანდნენ. შემდეგ 9 მაისი. რეალურად ერთი ამოგვივარდა ამ მიზეზით". – თქვა მალიუკმა.
მიმდინარე წლის 1 ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) სპეცოპერაცია "აბლაბუდას" ფარგლებში რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უწყების მტკიცებით, ოპერაციის შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა და მტერმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო.
სპეცოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე თავდაპირველად უპილოტო საფრენი აპარატების, შემდეგ კი მობილური ხის სახლების გადატანას ითვალისწინებდა. სახლების სახურავებში, რომლებიც სატვირთო მანქანებს გადაჰქონდათ დრონები დამალეს. საჭირო მომენტში სახურავები დისტანციურად გაიხსნა და მობილური სახლებიდან ამოფრენილი უპილოტო საფრენი აპარატები რუსული აეროდრომების მიმართულებით გაფრინდნენ.
რუსეთის მოქალაქე მძღოლებმა, რომელთა შესახებ მალიუკი ინტერვიუში ლაპარაკობს, არ იცოდნენ, თუ რა ტვირთი გადაჰქონდათ.





