1-ელი ივნისის შუადღისკენ რუსი Z-ბლოგერების ტელეგრამ-არხებზე პანიკა უკვე შეიმჩნეოდა – ამ დღეს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ომის დაწყებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამბედავი სპეცოპერაცია წამოიწყო.
აღმოსავლეთ ციმბირის ირკუტსკის ოლქიდან, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 4000 კილომეტრითაა დაშორებული, ადგილობრივები ვიდეოებს აქვეყნებდნენ, რომლებშიც ჩანდა, თუ როგორ ფრინდებოდა დრონები სატვირთო მანქანებიდან და ახლომდებარე აეროდრომებისკენ – რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ადგილსამყოფელისკენ – მიემართებოდა.
"საბურავების მაღაზიაში ვმუშაობ. სატვირთო მანქანა მოვიდა და მისგან დრონები ამოფრინდნენ". - წერდა ერთ-ერთი ადგილობრივი The Economist-ის ცნობით.
"მძღოლი აქეთ-იქით დარბის... დრონები მისი სატვირთო მანქანიდან ამოდიან და ბაზისკენ მიფრინავენ". - ყვებოდა კიდევ ერთი ადგილობრივი მურმანსკის ოლქიდან. ამავე შინაარსის პოსტები ქვეყნდებოდა ცენტრალური რუსეთის რიაზანისა და ივანოვოს ოლქებში არსებული აეროდრომების მიმდებარე ტერიტორიებიდან
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე მოჰყვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) განცხადება, რომელშიც მოულოდნელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას თავად СБУ იღებდა. სპეცოპერაცია, კოდური სახელით "აბლაბუდა", უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, წელიწადნახევარი იგეგმებოდა.
СБУ-ს განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომზე (მურმანსკის, ივანოვოს, რიაზანის და ირკუტსკის ოლქებში) ჯამში 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დააზიანა ან გაანადგურა. ამავე განცხადების მიხედვით, "აბლაბუდას" შედეგად, რუსეთს $7 მილიარდის ღირებულების ზარალი მიადგა.

სპეცოპერაციის სამიზნე გახდა როგორც იშვიათი და უკიდურესად ძვირადღირებული A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები, ისე Ty-22M3 და Ty-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიც.
"რუსული სტრატეგიული ბომდამშენები... ყველა საუცხოოდ იწვის". - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვასილი მალიუკი, რომელიც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.
რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ სპეცოპერაციით უკრაინამ რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა. რუსეთს შედარებით ნაკლები სტრატეგიული ბომბდამშენი ჰყავს – არსებული ცნობებით, სავარაუდოდ, 90-ზე ნაკლები Ty-22, Ty-95 და Ty-160. ამ თვითმფრინავებს, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლიათ, რუსები ძირითადად უკრაინული სამიზნეების მიმართულებით ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად იყენებდნენ, გასულ კვირაშიც კი. ამან, ცხადია, ბომბდამშენები უკრაინელებისთვის პრიორიტეტულ სამხედრო სამიზნეებად აქცია.
ასევე ხაზგასასმელია, რომ განადგურებული ბომბდამშენების უმეტესობას რუსეთი აღარ აწარმოებს. ბოლო Ty-22M3-ები და Ty-95-ები 30 წელზე მეტი ხნის წინ დაამზადეს. მათი ჩამნაცვლებლების – Ty-160-ების წარმოება კი რუსეთში მეტად ნელი ტემპით მიმდინარეობს.
როგორ მომზადდა სპეოპერაცია "აბლაბუდა"?
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, "აბლაბუდას" ფარგლებში რუსეთში 120-მდე უპილოტო საფრენი აპარატი და 300 ბომბი შეაპარეს. არსებული ცნობებით, სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო შემდეგ მობილური ხის სახლები გადაიტანეს. შემდეგ, სახლების სახურავებში, რომლებიც სატვირთო მანქანებს გადაჰქონდათ, დრონები დამალეს. დრონების მსგავსად, სახლების სახურავებიც, დისტანციურად იმართებოდა. საჭირო მომენტში სახურავები დისტანციურად გაიხსნა და მობილური სახლებიდან ამოფრენილი დრონები რუსული აეროდრომების მიმართულებით გაფრინდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამსახურის წყაროს ცნობით, ნაკლებსავარაუდოა, რომ სატვირთო მანქანების მძღოლებს სცოდნოდათ, თუ რა იყო ჩატვირთული მანქანებში.

დრონები გადაღებული ვიდეომასალის უკრაინისთვის გადასაცემად რუსეთის სატელეფონო ქსელებს იყენებდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც ბომბდამშენებზე მიტანილ იერიშებს ასახავს, სწორედ ამ დრონებმა გადაიღეს.
მეტად სავარაუდოა, რომ რუსეთი სპეცოპერაციამდე უკრაინისგან ღამის იერიშს ელოდებოდა, საზღვართან ახლოს და შედარებით დიდი ზომის დრონებით, ფიქსირებული ფრთებით. კიევმა მოსკოვს სამივე მოლოდინი "გაუცრუა" – შეტევა დღის სინათლეზე მოხდა, მცირე ზომის დრონებით (არაფიქსირებული ფრთებით) და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ფრონტის ხაზიდან გაცილებით შორს.
ის ფაქტი, რომ უკრაინამ შეძლო და დააზიანა ან გაანადგურა რუსეთის ყველაზე მაღალგანვითარებული სამხედრო თვითმფრინავების მნიშვნელოვანი რიცხვი და თანაც ქვეყნის სიღრმეში, მიანიშნებს, რომ უკრაინის ღრმა დარტყმების პროგრამა სწრაფად ვითარდება და სპეცოპერაციების მონაწილეებს რუსეთში ფარულად ოპერირება კიდევ უფრო უადვილდებათ.
"აბლაბუდას" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად ზედამხედველობდა. სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ ოპერაციის უფრო მეტ დეტალს მოჰფინა ნათელი.
ზელენსკის ცნობით, ოპერაციის "ოფისი" რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი რეგიონის ФСБ-ს მთავარი სამმართველოს გვერდით მდებარეობდა, ოპერაციაში 117 დრონი და "შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები" იყვნენ ჩართულნი და მოხერხდა რუსეთის სამხედრო ბაზებზე არსებული სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34%-ის განადგურება ან დაზიანება.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობითვე, "ოპერაციის მონაწილეები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, სამ საათობრივ სარტყელში, მოქმედებდნენ", ხოლო მოქმედებების დაწყების წინ "ჩვენ ისინი რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ და ახლა უსაფრთხოდ არიან".
"ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია, უკრაინაში იმყოფებიან. ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი". - თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.
უკრაინის მხარის განცხადებიდან რამდენიმე საათშივე რუსეთში, ჩელიაბინსკში აეროდრომებზე თავდასხმაში "ეჭვმიტანილები" დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულების საწყობში უკრაინული დრონები ინახებოდა.
რუსეთის უწყებების მიერ მოულოდნელ თავდასხმაზე ოფიციალური განცხადებების გაკეთებამდე, რუსმა Z-ბლოგერებმა, სამხედრო ჟურნალისტებმა და კრემლის პროპაგანდისტებმა შეტევა "რუსეთის პერლ ჰარბორად" მონათლეს. მრავალი მათგანი რუსეთს საპასუხო იერიშისკენ მოუწოდებს.
"ვიმედოვნებთ, რომ პასუხი იგივე იქნება, როგორიც აშშ-ს რეაქცია იყო პერლ ჰარბორზე თავდასხმაზე ან უფრო უხეშიც კი". - წერს რუსი სამხედრო ბლოგერი, რომან ალეხინი საკუთარ Telegram-არხზე, რომელსაც 174 000 გამომწერი ჰყავს.
საუბარია იაპონიის მიერ პერლ ჰარბორის ბაზაზე აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტზე 1941 წლის თავდასხმაზე, რომლის შემდეგაც 1945 წელს აშშ-მ ჰიროსიმა და ნაგასაკი ატომური ბომბით დაბომბა.
თუმცაღა, Z-ბლოგერების "მუქარებზე" მეტად, The Economist-ის ცნობით, უკრაინელ მაღალჩინოსნებს სპეცოპერაციაზე დასავლელი პარტნიორების რეაქცია ადარდებთ.
"დარდი იმაზეა, რომ ეს შეიძლება სინოპი აღმოჩნდეს". - თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა. მისი კომენტარი 1853 წელს რუსეთის მიერ ოტომანთა საპორტო ქალაქ სინოპზე თავდასხმას მიემართება, რამაც საერთაშორისო არენაზე რუსეთის იზოლაცია გამოიწვია.
თუმცაღა, უკრაინელი მაღალჩინოსნების მოლოდინების მოლოდინების საპირისპიროდ, "აბლაბუდას" რამდენიმე გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსი მეტად დადებითად გამოეხმაურა.
აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის თქმით, სპეცოპერაციით "უკრაინელებმა რუსეთის შორი რადიუსის იერიშის შესაძლებლობები გაანადგურეს".
"თავისუფალმა უკრაინელებმა ახლახან წარმატებით გაანადგურეს რუსეთის საჰაერო ძალების შორი მოქმედების იერიშის შესაძლებლობები. ომის დამნაშავე პუტინმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ დაანებოს თავის მეზობლებს თავი". - დაწერა უიკერმა X-ზე.
კიდევ ერთმა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა უკრაინას "მუდმივად მოხერხებული" უწოდა, რომელმაც "საბრძოლო მოქმედებების კრეატიული ტაქტიკები გამოიყენა წარმატებული იერიშისთვის რუსულ ბომბდამშენებსა და სამხედრო ობიექტებზე".
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა უკრაინელების სპეცოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "პუტინმა ქარი დათესა და ახლა ქარიშხალს იმკის".
ბეიკონამდე ბიბლიის ოსიას წინასწარმეტყველებიდან აღნიშნული ციტატა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მარშალმა ართურ ჰარისმა გამოიყენა მეორე მსოფლიო ომის დროს. გერმანიის ქალაქების სტრატეგიული დაბომბვის კამპანიის დაწყებისას ჰარისმა თქვა, რომ "ნაცისტებმა ეს ომი საკმაოდ ბავშვური დელუზიით დაიწყეს, თითქოს ისინი ყველას დაბომბავდნენ და მათ არავინ დაბომბავდა. როტერდამში, ლონდონში, ვარშავასა და ორმოცდაათამდე სხვა ადგილზე მათ ეს მიამიტი თეორია გამოცადეს. მათ ქარი დათესეს და ახლა ქარიშხალს მოიმკიან".
"რუსები თავიანთ სტრატეგიულ ბომბდამშენებს იყენებდნენ უკრაინული ქალაქებისკენ ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა ტიპის შეიარაღების გასაშვებად. ბომბდამშენები ლეგიტიმური სამიზნეები იყო. რუსეთი ქალაქებს ბომბავს. უკრაინა კი - სამხედრო ობიექტებს," დაამატა ბეიკონმა ცალკე პოსტში მოგვიანებით.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ სპეცოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძლიერი და კარგად შეიარაღებული უკრაინის მოკავშირეობა ევროპის უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
ლიპავსკის თქმით, უკრაინის იერიშის შემდეგ მოელის, რომ რუსული სტრატეგიული ავიაცია NATO-ს საჰაერო სივრცეს "30%-ით ნაკლები ალბათობით" დაარღვევს.
"რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დღევანდელი იერიშის შემდეგ რუსული სტრატეგიული თვითმფრინავები 30%-ით ნაკლები ალბათობით დაარღვევენ NATO-ს საჰაერო სივრცეს. მტკიცდება, რომ ჩვენს უსაფრთხოების ინტერესში შედის, მოკავშირედ ძლიერი, მედეგი და კარგად შეიარაღებული უკრაინა გვყავდეს". - წერს ლიპავსკი.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინას რუსეთის საჰაერო ძალებზე "ბრწყინვალე" დარტყმა მიულოცა კიდეც.
"ვულოცავ უკრაინას ბრწყინვალე დარტყმას რუსეთის საჰაერო ძალებზე. უკრაინელები დაუმორჩილებლები და ტექნოლოგიურად ბრწყინვალეები არიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იერიში სამხედრო ობიექტებზე მიიტანონ, მაშინ, როცა პუტინი განურჩევლად ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას". - დაწერა ჯონსონმა X-ზე.
ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა აშშ-ს თეთრ სახლს უკრაინულ სპეცოპერაციაზე. განცხადებები არ გაკეთებულა სხვა დასავლელი ლიდერების მხრიდანაც.
თუმცა რუსული მუქარების მიუხედავად და დასავლეთის ლიდერების პასუხის მოლოდინში, ერთი რამ ცხადია – სპეცოპერაცია "აბლაბუდა" მეტად წარმატებული გამოდგა, რუსეთის სისუსტეები აჩვენა და უკრაინის დაზვერვის შესაძლებლობები გამოკვეთა. როგორც The Economist წერს, "აბლაბუდამ" "ომის წესები შეცვალა".




