რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Kyiv Independent: ГУР-ის წყაროს თქმით, უკრაინამ დრონებით რუსეთში ჰელიუმის ერთადერთ ქარხანას დაარტყა

უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების მე-14 პოლკი რუსულ სამიზნეებზე იერიშისთვის დრონებს ამზადებს
14 Окремий Полк БпАК / Telegram

გამოცემა Kyiv Independent წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) დრონებმა 11 აგვისტოს ორენბურგის ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს, რაც ფრონტის ხაზიდან 1 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე მნიშვნელოვანი რუსული ობიექტია. 

"ეს არის ერთადერთი ობიექტი რუსეთში, რომელიც აწარმოებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე კომპონენტს, რომელსაც რაკეტების წარმოებაში, კოსმოსურ ინდუსტრიასა და საავიაციო სექტორში იყენებენ," განუცხადა გამოცემას წყარომ ГУР-დან.

გავრცელებული ცნობებით, ადგილობრივებს ქარხნის სიახლოვეს რიგი აფეთქებებისა და ცაში დრონების ხმა ესმოდათ. ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, 11 აგვისტოს, რუსეთის ხელისუფლებამ M-5 ურალის გზატკეცილის ნაწილი გადაკეტა პერევოლოცკის სიახლოვეს, სადაც ქარხანა მდებარეობს. 

Kyiv Independent-ის მიხედვით, ქარხნისადმი მიყენებული შესაძლო ზიანის შესახებ ზუსტი ინფორმაცია კვლავ უცნობია. 

11 აგვისტოს ორენბურგის ოლქის მოქმედმა გუბერნატორმა, ევგენი სოლნცევმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე ორი დრონი ჩამოაგდეს, თუმცა მას შესაძლოა ზიანის ან მსხვერპლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

გამოცემის წყაროს თქმით, ჰელიუმის ქარხანა "რუსეთის ერთადერთი ჰელიუმის საწარმო ობიექტია და ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, წლიურად დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადამუშავება შეუძლია. 

ამის მიუხედავად, რუსული მედიის მიხედვით, ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა ქვეყნის ერთადერთი მწარმოებელი 2021 წლამდე იყო, ამჟამად კი რუსეთში მუშაობს Gazprom-ის ამურის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა შორეულ აღმოსავლეთში და ასევე კიდევ ერთი ჰელიუმის ქარხანა ირკუტსკის ოლქში. 

ГУР-ის წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ქარხანა ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტია რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში და ის პირდაპირაა ჩართული უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში. 

კომენტარები