რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მოდი აშშ-ს ტარიფებზე: კომპრომისი არ იქნება, ინდოეთი ამისთვის მზად არის

ნარენდრა მოდი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი 13 თებერვლის პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში
REUTERS/Nathan Howard

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარინდა მოდი აშშ-ს მიერ ინდოეთის წინააღმდეგ ტარიფების გაზრდას ეხმაურება და ამბობს, რომ ინდოეთი კომპრომისზე არ წავა და მზად არის, ამისთვის ფასი გადაიხადოს. 

"ჩვენთვის, ჩვენი ფერმერების ინტერესები უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ინდოეთი მისი ფერმერებისა და მეთევზეების ხარჯზე არასდროს წავა კომპრომისზე. ვიცი, რომ ჩვენ დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს ამისთვის და მე ამისთვის მზად ვარ. ინდოეთი ამისთვის მზად არის" – თქვა მოდიმ.

გუშინ, 6 აგვისტოს დონალდ ტრამპის ბრძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენაა.

ინდოეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა 2 დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. 

“ინდოეთი არა მხოლოდ დიდი ოდენობით რუსულ ნავთობს ყიდულობს, არამედ შემდეგ მსხვილი მოგებისთვის ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, უკრაინაში რამდენი ადამიანი ეწირება რუსეთის ომის მანქანას. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადასახდელ ტარიფებს” – წერს ტრამპი. 

ტრამპს გამოეხმაურა ინდოეთის მთავრობა და მის გადაწყვეტილებას "გაუმართლებელს"და "არაგონივრულს" უწოდებს.

"ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელი და არაგონივრულია. როგორც ყველა მსხვილი ეკონომიკა, ინდოეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომებს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად" – წერს ინდოეთის მთავრობა.

კომენტარები