რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: დაბალი ფასებისა და მყარი რუბლის ფონზე, რუსული ნავთობის შემოსავლები მესამედით დაეცა

Anthony Prieto/Bloomberg

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ივლისის თვეში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ნავთობიდან შესული შემოსავლები წინა წელთან შედარებით ერთი მესამედით შემცირდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფასები დაეცა, ხოლო რუსული რუბლი გამყარდა. 

Bloomberg-ის მიხედვით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ თვეში ნავთობთან დაკავშირებული გადასახადების რაოდენობა თითქმის 33%-ით შემცირდა და 710.4 მილიარდი რუბლი ($8.9 მილიარდი) შეადგინა. 

არსებული მონაცემებით, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საერთო შემოსავლებმა 787.3 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც 27%-ით არის შემცირებული. 

Bloomberg-ის ცნობით, სამინისტრომ ივლისში ნავთობიდან რუსეთის შემოსავლები ივნისის თვის ურალის ნავთობის ფაშუალო ფასზე დაყრდნობით გამოთვალა, რაც ბარელზე $59.84 იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტი ივნისში ხუთი თვის განმავლობაში პირველად გაიზარდა, ეს ზრდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით იყო გამოწვეული. ხოლო გამოცემის მიხედვით, ურალის ნედლი ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 14%-ით დაბალი იყო ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით.

რუსეთის ბიუჯეტში შემოსავლების კლებას ხელი რუბლის გამყარებამაც შეუწყო, რადგან ნავთობის ექსპორტიორი კომპანიები უფრო ნაკლებ რუბლს იღებდნენ ყოველ გაყიდულ ბარელზე. ივნისში ერთი ამერიკული დოლარი 78.7183 რუბლზე იცვლებოდა, რაც ორი წლის განმავლობაში ყველაზე მყარი მაჩვენებელი იყო.

შედეგად, Bloomberg-ის გამოთვლებით რუსეთში ნავთობის მწარმოებლები თითოეულ გაყიდულ ბარელზე 4 711 რუბლს იღებდნენ, წინა წლის 6 127 რუბლთან შედარებით. 

მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის სტანდარტული ფასების მაჩვენებლები შემცირდა იმ ფონზე, როცა ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა გლობალური ეკონომიკის შენელების რისკს ქმნის, ხოლო OPEC+ ნავთობის წარმოებას აჩქარებს. 

3 აგვისტოს OPEC+ ნავთობის წარმოების მორიგ გაზრდაზე შეთანხმდა, რის ფარგლებშიც სექტემბერში ყოველდღიური წარმოება დამატებით 547 000 ბარელით გაიზრდება. სექტემბერში წარმოების ზრდის გადაწყვეტილება მორიგი მნიშვნელოვანი მატებაა იმ თვიურ ზრდებთან შედარებით, რაც ჯგუფმა მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში დაამტკიცა.

მაისი-ივნისი-ივლისის პერიოდში ყოველდღიური წარმოება თითოეულ თვეში წინასთან შედარებით 411 000 ბარელით იზრდებოდა, ხოლო აპრილში წინა თვესთან შედარებით ყოველდღიური წარმოება 138 000 ბარელით გაიზარდა. ხოლო 5 ივლისს ჯგუფის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოში ყოველდღიური წარმოება დამატებით 548 000 ბარელით გაიზრდებოდა. 

კომენტარები