რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთში, როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურზე დრონებით იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს

6 აგვისტოს ღამით რუსეთში როსტოვის ოლქში მდებარე რკინიგზის სადგური ტაცინსკაია უკრაინული დრონების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა.

რუსული დამოუკიდებელი მედია Astra-ს ინფორმაციით, იერიშის შედეგად სადგურთან ახლოს, სატვირთო ავზებს ხანძარი გაუჩნდა.

პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხი Shot-ის ცნობით, რკინიგზის სადგურთან აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით 01:00 საათზე დაიწყო და მოსახლეობის თქმით, მათ 5-დან 7-მდე აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც დრონების იერიში მოჰყვა.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლუსარის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა იერიში როსტოვის ოთხ რაიონში მოიგერიეს, ერთ-ერთში კი თავდასხმის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის შედეგადაც 200-მდე მაცხოვრებელს დენის მიწოდება შეუწყდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქის თავზე გასულ ღამეს 16 დრონი ჩამოაგდეს.

კომენტარები