რუსული სატვირთო ავტომანქანებისა და ძრავების მწარმოებლის, КамАЗ-ის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარწლეულში კომპანიის წმინდა დანაკარგმა 20.8 მილიარდი რუბლი შეადგინა. შედარებისთვის, გასულ წელს ამავე პერიოდში კომპანიამ 641 მილიონი რუბლის ოდენობის წმინდა მოგება ნახა.
ამასთან, კომპანიის შემოსავალმა პირველ ნახევარწლეულში 128 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 18%-იანი ვარდნაა, ხოლო მთლიანი მოგება დაახლოებით ოთხჯერ, 2.9 მილიარდ რუბლამდე შემცირდა.
კომპანიის მიმდინარე დანაკარგებმა 9.4 მილიონი რუბლი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2024 წელს ამავე პერიოდში 697 ათასი რუბლი იყო.
გაყიდვების თვითღირებულება 125 მილიარდ რუბლამდე, დაახლოებით 14%-ით შემცირდა.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ კომპანიის აქციების ღირებულება 1.55%-ით დაეცა. მოსკოვის ბირჟის (MOEX) მონაცემებით, ადგილობრივი დროით 17:10 საათზე კომპანიის აქციის ღირებულება 95.5 რუბლს შეადგენდა.
ცნობისთვის, 1 აგვისტოს КамАЗ-მა გამოაცხადა, რომ რუსეთის სატვირთო მანქანების ბაზარზე კრიზისზე საპასუხოდ წარმოებასა შეამცირებდა და 5-დღიან სამუშაო კვირას 4 დღემდე შეკვეცდა. კომპანია კრიზისს ჭარბ იმპორტსა და ცენტრალური ბანკის მაღალ საპროცენტო განაკვეთს აბრალებს.





