წულუკიანის კომისია

წულუკიანის კომისიამ დასკვნა "ერთხმად მიიღო", სექტემბერში აპირებენ დაბეჭდვას და თარგმნას

წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტს კენჭი უყარა და "ერთხმად მიიღო". ხვალ, 5 აგვისტოს კომისიას უფლებამოსილების ვადა ეწურება - ამის შემდეგ, 430-გვერდიანი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. დასკვნა ეხება "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას".

"ბიურო როცა ჩათვლის საჭიროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესებით და ვადაში, ჩანიშნავსსხდომა, რომელზეც ჩვენ ამ დასკვნით წარვდგებით. ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში და სწორედ პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა. უფრო მეტიც, მოხდება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა" - თქვა წულუკიანმა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, "არ იქნება ცუდი", დასკვნა წიგნის სახით დაიბეჭდოს. მანვე ისურვა, "ითარგმნოს მინიმუმ ინგლისურ ენაზე".

"პარლამენტს აქვს ამის შესაძლებლობა, შესანიშნავი სტამბა, თანამშრომლები. კარგი იქნებოდა, პლენარული სხდომისთვის გარეგნულად სამუშაო ვერსიით კი არა, არამედ, მაგალითად, დასტამბული, წიგნის სახით, დიზაინერი რომ თავის წვლილს შეიტანს, ასეთი ფორმით შევთავაზოთ თითოეულ ჩვენს კოლეგას. და პლენარული სხდომის მერე დავბეჭდოთ მეტიც, იმისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა წაიკითხონ.

... ასევე, ბატონი თენგიზი [შარმანაშვილი] ხშირად ამბობს თარგმანთან დაკავშირებითაც, რომ ითარგმნოს, რადგან ამ დასკვნას ვინც წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც ნაციონალური მოძრაობის დანაშაული თავის თავზე იწვნია, არის ხოლმე სრულიად გაუგებარი. და ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა არც კი იციან, რაში იცხოვრა საქართველომ 2003-დან 2012 წლამდე. ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს გაგებაში და იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოსვლა.

ამიტომ, რაკი ქართული მათ არ იციან, ბატონი ალუდა [ღუდუშაური] მიანიშნებდა, რომ ქართული განსაკუთრებული ფენომენი და ენაა, ეს მართლაც ასეა, ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ ითარგმნოს ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე, ამიტომ დღეიდან დავძრავდით პროცედურებს როგორც თარგმანის, ასევე პირველ რიგში, დაბეჭდვის მიმართულებით" - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ციხეში არიან: კოალიცია ცვლილებისთვის 3 ლიდერი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ლელოს 2 ლიდერი - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. 

წულუკიანის კომისიაზე ორჯერ გამოიკითხა ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინიტრი გიორგი გახარია - დაწყებულია გამოძიება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე.

წულუკიანის კომისიის წევრები 19 ივლისს ესტონეთმა დაანსაქცირა.

კომენტარები