რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Politico: ლაიენთან ტრამპის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ EU-ს რუსულ გაზზე სრულად ეთქვა უარი

Reuters

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირთან საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან 27 ივლისს გამართული შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "ნომერ პირველი" პრიორიტეტი ევროპის იმაში დარწმუნება იყო, რომ "რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა შეწყდეს" და სანაცვლოდ ევროპამ ენერგორესურსები აშშ-სგან იყიდოს.

ამის შესახებ გამოცემა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა. 

მაღალჩინოსნის თქმით, ევროპა ტრამპის მოთხოვნაზე დათანხმდა: "ეს უბრალოდ ისეთი სრული გარდასახვაა... და ეს ვალდებულებაა, რომ ამერიკისგან შეისყიდონ." - დაამატა მან. 

Politico-ს წყაროს მიხედვით, ტრამპი თავდაპირველად ფონ დერ ლაიენისგან იმასაც მოითხოვდა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ევროპას აშშ-სგან $1 ტრილიონი ღირებულების ენერგორესურსების შესყიდვის ვალდებულება აეღო. თუმცა, საბოლოოდ აშშ და ევროპა $750 მილიარდზე შეთანხმდნენ, რაც წლიურად $250 მილიარდი იქნება. 

თუმცა, Politico წერს, რომ ეს რიცხვები "არასავალდებულო, ჰიპერბოლური და არარეალისტურია." გამოცემის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში დაპირებული მაჩვენებლების მისაღწევად აშშ-ს მოუწევს, რომ ენერგორესურსების მთელი ექსპორტი ევროკავშირისკენ გადაამისამართოს და შემდეგ რესურსების დამატებით 50% გამონახოს.

პარალელურად, ევროკავშირს მოუწევს, რომ ყველა უცხოურ მიმწოდებელზე უარი თქვას, მათ შორის ენერგორესურსების უფრო იაფად გამყიდველებზეც, და ამასთანავე აშშ-დან იმპორტი გაასამმაგოს. 

ამას გარდა, ევროპას არ გააჩნია შესაფერისი ინფრასტრუქტურა ასეთი ოდენობის ენერგორესურსების მისაღებად და ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ კერძო კომპანიები ასეთ გეგმას დათანხმდნენ. 

კომენტარები