რეჟიმის პატიმრები

მოსამართლემ დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილისთვის განაჩენის გამოტანა გადადო

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილისთვის განაჩენის გამოტანა გადადო.

მომდევნო სხდომა 8 აგვისტოს, 13 საათზე ჩატარდება. ამ სხდომაზე ბრალდებულები იტყვიან დასკვნით სიტყვას და გამოცხადდება განაჩენი.

დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ. 

რადიო თავისუფლების ლაივბლოგის მიხედვით, დიმიტრი ვარდიაშვილმა, დავით ლომიძის ადვოკატმა თქვა, რომ არ არის არც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, არც ბიოლოგიური, არც ქიმიური.

"მხოლოდ ორი პოლიციელი, რომელსაც არაფერი ახსოვდათ და მათ მიერ მიცემული ჩვენება. სასამართლომ უნდა იმსჯელოს სამართლიან, კანონიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ობიექტურად შეაფასოს და გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, რადგან მათი ბრალეულობა არ მტკიცდება".

განაჩენის გამოცხადება გადაიდო რეჟიმის სხვა პატიმრების საქმეებზეც. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გადადო ანატოლი გიგაურისთვის განაჩენის გამოცხადება, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. მოსამართლის თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა აგრეთვე გადადო გიორგი ახობაძისთვის განაჩენის გამოცხადება. ახობაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. რეჟიმი მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ.

კომენტარები