რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარი მიწისძვრის გამო აშშ-ში, ჰავაის შტატში ცუნამის განგაში არის გამოცხადებული, შტატის გუბერნატორმა კი მოსახლეობას კუნძულის სანაპირო ზოლიდან დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ამასთან, ჰავაიში ქალაქ ჰონოლულუს პორტიც დაიხურა და ყველა სავაჭრო ხომალდის ევაკუაცია გამოცხადდა.
უახლესი ინფორმაციით, ცუნამის პირველმა ტალღებმა კუნძულს უკვე დაარტყა - წყნარი ოკეანის ცუნამის განგაშის ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ტალღა ოაჰუს სანაპიროზე აღირიცხა და მისი სიმაღლე 1.4 მეტრი იყო.
ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის თქმით, შტატის ჯანდაცვის დაწესებულებები მასობრივი უბედური შემთხვევისთვის მზად არის. მანვე აღნიშნა, რომ ცუნამის მოსალოდნელი ტალღები სავარაუდოდ "დაარტყამს არა ერთ პლაჟს, არამედ კუნძულებს გარშემო შემოეხვევა".
ჰავაის კუნძულზე, მაუიზე მდებარე აეროპორტმა, კაჰულუის აეროპორტმა ყველა ფრენა გააუქმა. ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, აეროპორტის ტერმინალს დაახლოებით 200 მგზავრი აფარებს თავს.
გარდა ამისა, აშშ-ს ამინდის ეროვნულმა სამსახურმა ცუნამის განგაში კალიფორნიის, ალასკას და ორეგონის შტატების გარკვეულ ტერიტორიებისთვისაც გამოაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას სანაპირო ზოლისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა.
დღეს დილით რუსეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრა მოხდა - აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, მიწისძვრის მაგნიტუდა 8.8 ბალს შეადგენდა, ხოლო იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით - 8.7 ბალს.
რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გამოცემის მიხედვით, ეს კამჩატკის ნახევარკუნძულზე 1952 წლიდან დღემდე ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო.





