2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღირებულებამ 12.537 მილიონი დოლარი შეადგინა - აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყნიდან 3 474.9 ტონა ცოცხალი საქონელი გავიდა.
გასულ წელს ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღირებულება გაიზარდა - 2024 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ გატანილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღირებულება 10.698 მილიონი დოლარი იყო.
შესაბამისად, გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღირებულება დაახლოებით 17.29%-ით გაიზარდა.
ამასთან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის მაჩვენებლები გასულ წელთან შედარებით პირველი ორი კვარტლის პერიოდშიც გაიზარდა - ღირებულება დაახლოებით 66.2%-ით გაიზარდა 13. 868 მილიონი დოლარიდან 23.05 მილიონ დოლარამდე, წონა კი - 45.3%-ით 7 058.5 ტონამდე.
მანამდე, ქვემო ქვალონელმა გლეხებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა ე.წ. ბოჩოლების საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მოიგეს და მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება 1 აპრილიდან ამოქმედდა და ნებისმიერი წონის საქონლის ექსპორტი კვლავ დასაშვები გახდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პირველი პუნქტი კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
"ქვემო ქვალონელმა გლეხებმა და თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლო მოიგეს!
ქვემო ქვალონელი გლეხების ძალისხმევით, საქართველოში ახლა ყველას შეეძლება საკუთარი ბოჩოლები უცხოეთში გაყიდოს, როგორც ეს 2019 წლამდე იყო შესაძლებელი და ამასთან, გლეხებმა სასამართლოს მავნე პრაქტიკა შეცვალეს!" - წერდა თავისუფლების ინსტიტუტი.
თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებდა მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, "აკრძალულია 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი". მოგვიანებით, აკრძალვა 160 კგ-მდე გაიზარდა.
ქვალონელმა გლეხებმა, ვახტანგ მიმინოშვილმა, ინვერი იჩკორიამ და ჯემალ მარკოზიამ თავისუფლების ინსტიტუტის მხარდაჭერით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2020 წლის ნოემბერში შეიტანეს. 2019 წელს მიღებული რეგულაცია, რომელიც საქონლის ექსპორტს ზღუდავდა, მთავრობამ რამდენჯერმე გააუქმა და მსგავსი ნორმით ჩაანაცვლა, რითაც სასამართლოში მიმდინარე საქმე ბათილდებოდა.
2022 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ბოჩოლების საქმით, პლენუმმა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალა, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმის გაუქმება ავტომატურად საქმის შეწყვეტას ნიშნავდა. შესაბამისად, ე.წ. ბოჩოლების საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.





