რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპმა აშშ-ევროკავშირის შეთანხმება გამოაცხადა, რაც უკრაინის დახმარებასაც მოიცავს

AFP

23 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ ხელოვნური ინტელექტის სამიტზე განაცხადა, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის ფარგლებშიც ბრიუსელი სრულად დააფინანსებს ამერიკული შეიარაღების შესყიდვას, რისი ნაწილიც უკრაინაში გაიგზავნება. 

ტრამპის თქმით, შეთანხმებაში წერია, რომ ევროკავშირი აშშ-ში ფულს დახარჯავს თავდაცვით კომპანიებზე, რაც "სამი წლის წინ უნდა მომხდარიყო."

აშშ-მ 23 ივლისს უკრაინისთვის ორი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელთა ღირებულებაც ჯამში $322 მილიონს უტოლდება. ერთი პაკეტი HAWK Phase III-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს, მეორე კი უკრაინისთვის Bradley-ის ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანების შესაკეთებელი ნაწილების მიწოდებას ეხება. 

პენტაგონის ცნობით, ეს უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის III ფაზის სარაკეტო სისტემის, Bradley-ის ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანებისა და ამ შეიარაღებისთვისა და მათი შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობის, მომსახურებისა და დოკუმენტაციის შესაძლო მიყიდვას გულისხმობს. 

აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) კონგრესს შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით საჭირო სერტიფიკაცია გადასცა. 

Bradley არის ჯავშანმანქანა, რომელსაც 25მმ-იანი ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამიზნეებზე თავდასხმისას ჯარისკაცების ფრონტზე გადაყვანა შეუძლია, ხოლო HAWK-ის ტიპის სარაკეტო სისტემები საშუალო მანძილის “მიწა-ჰაერის” ტიპის სისტემაა. 

ამასთანავე, 21 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია და აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. 

Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეთანხმების ფარგლებში გერმანია უკრაინაში ორ ერთეულ Patriot-ის სისტემას გაგზავნის, აშშ კი დათანხმდება ზემოხსენებული სისტემების საკუთარი მარაგიდან ჩანაცვლებაზე.

მოგვიანებით გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რამშტაინის შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ აშშ და გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის ხუთი სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. 

ამ დრომდე გერმანიამ უკრაინას საკუთარი 12 ერთეული Patriot-ის სისტემიდან 3 უკვე მიაწოდა. ამის შემდეგ კი ბერლინმა ორი სისტემა პოლონეთსაც მიაწოდა, შედეგად კი მათ მარაგში ამჟამად მხოლოდ 7 Patriot-ის სისტემაა. წყაროს თქმით, ამის გამო ბერლინი მზადაა უკრაინას Patriot-ის სისტემები კვლავ მიაწოდოს, თუ აშშ სწრაფი ჩანაცვლების გარანტიას მისცემს.

კომენტარები