უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა და სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებზე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას. მისივე თქმით, ეს "საბაზისო ნაბიჯი მშვიდობისკენ" რუსეთმა უნდა მიიღოს.
ამის შესახებ უმეროვმა შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.
"უკრაინა აგრძელებს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის, როგორც ეფექტური დიპლომატიის აუცილებელ საფუძვლის, დაჟინებით მოთხოვნას. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის და სუბსტანციური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის ახლა და მეორე მხარის ჯერია, რომ მიიღოს ეს საბაზისო ნაბიჯი მშვიდობისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა ნამდვილი იყოს. ის უნდა მოიცავდეს სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშების სრულ შეჩერებას". - თქვა უმეროვმა.
უმეროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა "კონსტრუქციული და რეალისტური დამოკიდებულება" უნდა გამოავლინოს.
ამასთან, უმეროვმა დაამატა, რომ უკრაინამ ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარულ მიმართულებაზე და კიევი მოელის, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მხრივ პროგრესი იქნება. უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების გათავისუფლების მოთხოვნასაც.
გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მადლობა გადაუხადა თურქეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებაში დახმარებისთვის.
მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დაწყებამდე საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თურქეთი მისი მონიტორინგისთვის მზად არის.
როგორც რუსული სამთავრობო მედია აღნიშნავს, მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 20:37 საათზე დაიწყო და დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.
სტამბულში ჩასვლამდე უკრაინული დელეგაცია ანკარაში შეჩერდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, შეხვედრაზე ილაპარაკეს "მთავრობების ლიდერების დონეზე შეხვედრის აუცილებლობაზე - პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, აშშ-სა და თურქეთის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის პუტინის [შეხვედრაზე] - იმისთვის, რომ ომის დასასრულებლად რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ".
დღეს, 23 ივლისის დილით, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ფარგლებში ძირითადად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მემორანდუმებს განიხილავენ, რომლებიც მხარეებმა ერთმანეთს წინა რაუნდზე, 2 ივნისს წარუდგინეს. პესკოვის თქმით, "საუბარი რთული იქნება, რადგან მემორანდუმის პროექტები რეგულირებასთან დაკავშირებით დიამეტრულად ურთიერთსაპირისპიროა".
ხოლო Українська правда საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების მთავარ მიზანს ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება წარმოადგენს.
მოლაპარაკებების რაუნდის დაწყებამდე ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინული დელეგაცია დღეს სტამბოლის მოლაპარაკებებზე დაუყოვნებლივ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას კვლავ მოითხოვს.
ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ტყვეთა გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში რუსეთს უკრაინისთვის 6000 ჯარისკაცის ცხედარი უნდა დაებრუნებინა.
გაცვლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და 16 ივნისს დასრულდა, რის შედეგადაც უკრაინას 6,057 ცხედარი დაუბრუნდა.
შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ჯამში დაღუპული სამხედროების 6 057 ცხედარი დაიბრუნა.
სამშობლოში დაბრუნებული ცხედრების საიდენტიფიკაციოდ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ითანამშრომლებენ.
გარდა ამისა, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის.





