რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ კიდევ 1 245 ცხედარი დაიბრუნა, სტამბოლის შეთანხმების რეპატრიაციის ნაწილი დასრულდა

Координаційний штаб з питань поводження з військовополоненими/Telegram

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, უკრაინამ კიდევ 1 245 ცხედარი დაიბრუნა, რითაც სტამბოლის შეთანხმების რეპატრიაციის ნაწილი დასრულებულია. 

შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ ჯამში დაღუპული სამხედროების 6 057 ცხედარი დაიბრუნა. 

"დღეს შედგა სტამბოლში მიღწეულის შეთანხმების ფარგლებში სარეპატრიაციო ღონისძიებების საბოლოო ეტაპი. უკრაინაში დაბრუნებულია კიდევ 1 245 ცხედარი, რომლებიც, რუსული მხარის თანახმად, უკრაინის მოქალაქეების, კერძოდ, სამხედროებისაა". - წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

სამშობლოში დაბრუნებული ცხედრების საიდენტიფიკაციოდ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ითანამშრომლებენ.

ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები ტყვეთა გაცვლაზე და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში რუსეთს უკრაინისთვის 6000 ჯარისკაცის ცხედარი უნდა დაებრუნებინა. 

გარდა ამისა, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეები მძიმედ დაჭრილი, მძიმედ დაავადებული  და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მსგავსად განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს ასობით უკრაინელი ბავშის სია გადასცა, რომლებიც რუსეთში არიან დეპორტირებული, და ამ მხრივ რუსეთისგან მოქმედებას ელის. 

კომენტარები