უკანონო ვაჭრობა საერთაშორისო მასშტაბის პრობლემაა. 2019 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრანსნაციონალური უსაფრთხოების ანგარიშის მიხედვით, გლობალური მასშტაბით უკანონოდ რეალიზებული პროდუქციის, მათ შორის, იარაღებისა და ნარკოტიკების, ღირებულება ყოველწლიურად 1.6-2.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
უკანონოდ რეალიზებულ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საქონელია თამბაქო. Philip Morris Products SA-ის (PMPSA) დაკვეთით KPMG-ის მიერ ევროპის 38 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2024 წელს ევროკავშირში მწეველებმა 38.9 მილიარდი არალეგალური სიგარეტი მოიხმარეს, რაც 2023 წლის მონაცემთან შედარებით 10.8%-იანი ზრდაა.
გარდა ამისა, ევროპის გამოკვლეულ 38 ქვეყანაში 2024 წელს თამბაქოს 52.2 მილიარდი არალეგალური პროდუქტი მოიხმარეს, რაც თამბაქოს პროდუქტების სრული მოხმარების 10% შეადგენდა, ხოლო სახელმწიფოებმა გადაუხდელი გადასახადების შედეგად 19.4 მილიარდი ევროთი იზარალეს.
ცხადია, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ფინანსური ზარალი, რომელიც სახელმწიფოს ადგება, თუმცა ეს პრობლემის ერთადერთი განზომილება არ არის - თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობა არამარტო აზიანებს სახელმწიფო ბიუჯეტს, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვისაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
თავის მხრივ, ეს ზიანი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ თამბაქოს არალეგალური პროდუქტები შედარებით იაფია და ამ მიზეზით მეტად მოიხმარენ. ხშირ შემთხვევაში თამბაქოს არალეგალური პროდუქტები ფალსიფიცირებულია და კანონიერი საქონლისგან განსხვავებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დამცველ ნორმებს არ ემორჩილება, სათანადო შემოწმებას არ გადის და, შესაბამისად, მომხმარებლის ჯანმრთელობას ავთენტურ პროდუქტთან შედარებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს.
2015 წლის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, „გლობალური უკანონო ვაჭრობა თამბაქოთი: საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, მსგავსი აზრია გამოთქმული.
„სიგარეტის კონტრაბანდა ჯანდაცვაზე მოქმედებს, მომხმარებლები შეიძლება მოექცნენ ისეთი პროდუქტების ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც სამიზნე ქვეყნის ჯანდაცვის რეგულაციებთან თანხვედრაში არ მოდის, მათ შორის, შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც ადამიანის მიერ მოხმარებისთვის შესაფერისი არ არის“. - წერია ანგარიშში.
KPMG-ის კვლევა აჩვენებს, რომ 2024 წელს ევროპაში თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობის სფეროში ყველაზე სწრაფად სწორედ ფალსიფიცირებული საქონლის მიწოდება იზრდებოდა და მთლიანად თამბაქოს არალეგალური პროდუქტების მოხმარების 41.9%-ს შეადგენდა.
ფალსიფიცირებული და ავთენტური თამბაქოს პროდუქტების ზიანის შედარებისას შეგვიძლია მოვიხმოთ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მეცნიერთა 2007 წლის კვლევა, რომელიც აშშ-ში ამ ორი ტიპის საქონლის კვამლში შემავალი მავნებელი მეტალების შემცველობას ადარებს.
„ფალსიფიცირებული ბრენდების შესუნთქულ კვამლში სამივე მეტალის (რედ. - კადმიუმი, თალიუმი და ტყვია) შემცველობა ავთენტური ბრენდებისას გაცილებით აღემატებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში დიდი ოდენობით. [...] ჩვენი შედეგები, რომლებიც ფალსიფიცირებული თამბაქოს 21 სხვადასხვა სინჯს ეყრდნობა, მიუთითებს, რომ ფალსიფიცირებული თამბაქოს პროდუქტები ავთენტურ ბრენდებთან შედარებით მავნებელი მძიმე მეტალების ზემოქმედებას შესაძლოა მნიშვნელოვნად ზრდიდეს“. - წერია კვლევის აბსტრაქტში.
ეს შედეგი ამავე სამეცნიერო ჟურნალში, Food and Chemical Toxicology-ში, 2015 წელს გამოქვეყნებულ კვლევაშიც განმეორდა, რომელიც ადგენს, რომ ფალსიფიცირებული თამბაქოს პროდუქტების კვამლში კადმიუმისა და ტყვიის შემცველობა „მნიშვნელოვნად აღემატება“ ავთენტური ბრენდების მაჩვენებელს.
მსგავს დასკვნამდე მიდის გაერთიანებული სამეფოს შემოსავლებისა და განბაჟების უწყების ანგარიშიც, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ფალსიფიცირებულ პროდუქტებში ავთენტურ საქონელთან შედარებით მეტი კუპრი, მეტი ნიკოტინი და მეტი მხუთავი აირია (CO).
ანგარიშში რიგ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით წერია, რომ ფალსიფიცირებული თამბაქოს პროდუქტები ავთენტურ პროდუქტებთან შედარებით 3-ჯერ მეტ დარიშხანს, 5-ჯერ მეტ კადმიუმსა, 5.8-ჯერ მეტ ტყვიას, 160%-ით მეტ კუპრს, 80%-ით მეტ ნიკოტინსა და 133%-ით მეტ მხუთავ აირს შეიცავს.
„ჯანდაცვის სამინისტროს ტოქსიკოლოგი აცხადებს, რომ ფალსიფიცირებულ თამბაქოს პროდუქტებს მათ მოხმარებას შეჩვეული მწეველების ფილტვებში მაღალი ოდენობით მძიმე მეტალების გავრცელების პოტენციალი აქვს. ამ მეტალებიდან ბევრი სხეულში დროთა განმავლობაში გროვდება“. - წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც არალეგალური პროდუქტების მავნებელი ზემოქმედება თავდაპირველად შეცდომით კანონიერი პროდუქტის ნაკლოვანებად შეფასდა. მაგალითად, 2019 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC), აშშ-ს სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) და სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა ე.წ. EVALI-ს (“ელექტრონულ სიგარეტებთან/ვეიპებთან დაკავშირებული ფილტვების დაზიანება“) შემთხვევების გამოძიება დაიწყეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ EVALI-თ დაზარალებულ პაციენტთა უმეტესობამ მარიხუანაში შემავალი ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) შემცველი არალეგალური პროდუქტები გამოიყენა, რომელსაც არცერთი კანონიერი ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი არ შეიცავს. ჰოსპიტალიზებული პაციენტების მძიმე დაზიანებები E ვიტამინის აცეტატს უკავშირდებოდა, ხოლო ამ დანამატს ხშირად THC-ის შემცველი პროდუქტები შეიცავს - მას კონტრაბანდულ საქონელში სითხის განზავების, შესქელების მიზნით იყენებენ, რადგან THC-ის პროდუქტის სიძლიერე და ხარისხი მომხმარებლისთვის სითხის სიბლანტეს უკავშირდება. მოგვიანებით, CDC-მ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არაფორმალური წყაროებიდან არ შეიძინონ ელექტრონული სიგარეტები ან არ შეცვალონ და არ დაუმატონ ისეთი ნივთიერებები, რომელთა გამოყენებას მწარმოებელი მიზნად არ ისახავს.
აშშ-ს სურსათისა და წამლების სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.
„E ვიტამინის აცეტატი მჭიდროდ არის დაკავშირებული EVALI-ს აფეთქებასთან. E ვიტამინის აცეტატი აღმოჩნდა FDA-ისა და შტატის ლაბორატორიის მიერ შემოწმებულ პროდუქტის სინჯებსა და გეოგრაფიულად მრავალფეროვან შტატებში პაციენტების ფილტვის სითხის სინჯებში, რომლებიც CDC-მ შეამოწმა“. - წერია FDA-ის განცხადებაში.
EVALI-ის შემთხვევებთან დაკავშირებით ინგლისის ჯანდაცვის უწყებამაც (PHE) გააკეთა კომენტარი. PHE-მ მწეველთათვის ნიკოტინის შემცველი ელ-სიგარეტების შესახებ რჩევა უცვლელი დატოვა, რადგან ელ-სიგარეტები ინგლისში 10 წელზე მეტია, იყიდება, თუმცა სწორი რეგულირების პირობებში EVALI-ის მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ. ამასთან, ამ პერიოდში EVALI-ის შემთხვევები არც ევროპაში აღრიცხულა ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ. ევროკავშირში ელექტრონული სიგარეტები შესაბამისი დირექტივებისა და დაწესებული მოთხოვნების მიხედვით რეგულირდება.
იმ საფრთხეთა გათვალისწინება, რომლებსაც თამბაქოს არალეგალური პროდუქტები საზოგადოებრივ ჯანდაცვას უქმნის, მნიშვნელოვანია თუნდაც სახელმწიფოს ეკონომიკური, საკანონმდებლო და სამართლებრივი პოლიტიკის შეფასებისთვისაც, რომელმაც შესაძლოა უკანონო ვაჭრობა შეამციროს ან, პირიქით, წაახალისოს.
მაგალითად, მაღალი აქციზის დაწესება შესაძლოა ერთი შეხედვით თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკების შემცირების ინტუიციურ გზად ჩანდეს, თუმცა რამდენად მუშაობს მკაცრი ზომები პრაქტიკაში? ასეთ რეგულაციებს შესაძლოა კეთილი ზრახვები ამოძრავებდეს, მაგრამ მარტოდმარტო კეთილი ზრახვები ეფექტიანობის გარანტი არ არის - კანონიერი თამბაქოს გადაჭარბებული შეზღუდვით თამბაქოს არალეგალური პროდუქტების ბაზრისთვის სტიმულის მიცემას ვრისკავთ.
ეს საკითხი განხილულია ასევე Economist Impact-ის მიერ მომზადებულ უკანონო ვაჭრობის გარემოს ინდექსის ანგარიშში. დოკუმენტში წერია, რომ „მათ, ვის ხელშიც არის პოლიტიკის შემუშავება, აღსრულებას, დაბეგვრასა და საბაზრო სტიმულებს შორის სწორი ბალანსი უნდა დაიჭირონ“, რათა რეგულაციებმა ბიზნესებსა და მომხმარებლებს შავი ბაზრისკენ არ უბიძგოს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კანონთა არაეფექტურ აღსრულებასთან ერთად უკანონო ვაჭრობას ქვეყანაში არასათანადო ეკონომიკური პოლიტიკაც და ეკონომიკური პირობებიც უწყობს ხელს, მათ შორის, ჭარბი გადასახადები, კორუფცია და ა.შ. თურქეთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ შავი ბაზრის სრულად უვნებელსაყოფად საზღვრის კონტროლის მაღალი სტანდარტიც არ არის საკმარისი. უკანონო ვაჭრობის გარემოს ინდექსით თურქეთი სასაზღვრო კონტროლისა და მეთვალყურეობის თვალსაზრისით მაღალ შეფასებას იმსახურებს, OECD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და „საზღვარზე ხმელეთიდან, რკინიგზით, საჰაერო სივრცით ან ზღვით შემავალ საქონელს არაინვაზიური ტექნოლოგიით ამოწმებს“. მიუხედავად ამისა, თურქეთიდან გამავალი ფალსიფიცირებული საქონლის რაოდენობა 2019 წლიდან 2020 წლამდე გასამმაგდა და დაახლოებით 134 მილიონი ევროს ღირებულებას მიაღწია, რითაც ევროკავშირის საზღვარზე ამოღებული ყალბი ტანსაცმლისა და აქსესუარების მთავარ წყაროდ იქცა. ამასთან, თურქეთში თამბაქოს არალეგალური პროდუქტების წილი 2021 წელს 20%-ზე მეტი იყო და სახელმწიფოს დაახლოებით 839 მილიონი აშშ დოლარი უჯდებოდა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ სასაზღვრო კონტროლი უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაში საკმარისი არ არის.
არაგონივრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შესაძლოა უკანონო ვაჭრობა გააძლიეროს. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაწესებულმა ზედმეტად მაღალმა აქციზმა შესაძლოა მიზნის საპირისპირო შედეგი გამოიღოს და, პირიქით, შავ ბაზარზე იაფი უკანონო თამბაქოს წახალისებით საზოგადოების ჯანმრთელობას უფრო დიდი ზიანი მიაყენოს. გარდა ამისა, არაგონივრული ფასების კონტროლის შემოღებამ შესაძლოა თამბაქოს კანონიერი მიწოდება შეაფერხოს, რაც თამბაქოს მიმწოდებლებს წაახალისებს და სტიმულს მისცემს.
Economist Impact-ის ანგარიშში წერია, რომ „გადაჭარბებულმა დაბეგვრამ აღსრულების მტკიცე მექანიზმების გარეშე მოხმარების შემცირების ნაცვლად მომხმარებლებს შესაძლოა შავი ბაზრისკენ უბიძგოს“. მაგალითისთვის, ფილიპინებში თამბაქოს პროდუქტებზე დაწესებულმა მაღალმა აქციზმა მსხვილი შავი ბაზრის არსებობას შეუწყო ხელი. 2023 კვლევის მიხედვით, ქვეყანაში მოხმარებული ყველა თამბაქოს პროდუქტის 17% არალეგალური იყო, რაც სახელმწიფოს წელიწადში დაახლოებით 540 მილიონი აშშ დოლარი უჯდებოდა. ამასთან, 2024 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ აქციზის ხარჯის 63%-ს უფრო ასაკოვანი, ნაკლებად განათლებული და ნაკლები შემოსავლის მქონე მომხმარებლები იხდიან, რაც მიუთითებს, რომ აქციზის ტვირთი დიდწილად ეკონომიკურად მოწყვლად პირებზე მოდის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია, სამართალდამცავი სისტემები ეფექტიანად მუშაობს და კორუფცია დაბალია, თამბაქოს არალეგალური პროდუქტებით ვაჭრობის დონე მაინც მაღალი შეიძლება იყოს, რაც ასევე მიუთითებს, რომ არაგონივრული შეზღუდვები მოთხოვნას ვერ შეამცირებს, თუმცა შესაძლოა ეს მოთხოვნა შავ ბაზარზე გადაამისამართოს.
ამას ადასტურებს, მაგალითად, KPMG-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს თამბაქოს არალეგალური პროდუქტების მოხმარება ევროპაში ყველაზე მეტად საფრანგეთსა და ნიდერლანდებში იზრდებოდა - საფრანგეთში 4.4 პუნქტით, ხოლო ნიდერლანდებში 10.2 პუნქტით გაიზარდა და ჯამში მთლიანი მოხმარების 18% შეადგინა.
თავის მხრივ, საფრანგეთში თამბაქოს არალეგალური პროდუქტების მოხმარების წილი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალია და 2024 წელს თამბაქოს არალეგალური პროდუქტების მოხმარება სრული მოხმარების 37.6%-ს შეადგენდა. ამავდროულად, საფრანგეთში თამბაქოს პროდუქტები მკაცრად რეგულირდება, მათ შორის, იკრძალება რეკლამირება, საჯარო სივრცეებში მოწევა და სავალდებულოა სადა, სტანდარტიზებული შეფუთვა. ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ სიგარეტზე აქციზის ზრდის შედეგად 2025 წლის თებერვლისთვის თამბაქოს სტანდარტულ 20-ღერიან შეფუთვაზე ფასის ზღვარი 12.5 ევრო გახდა.
საგულისხმოა, რომ მკაცრი ზომების შემოღების პარალელურად, საფრანგეთში თამბაქოს ლეგალური პროდუქტების მოხმარება მცირდება, არალეგალურისა კი - იზრდება. 2020 წლიდან 2024 წლამდე საფრანგეთში მოხმარებული თამბაქოს ლეგალური პროდუქტების, მათ შორის, უცხოეთში კანონიერად ნაყიდი და საფრანგეთში მოხმარებულის, რაოდენობა 39.09-იდან 31.13 მილიარდ სიგარეტამდე შემცირდა. ამავდროულად, 2020 წელს საფრანგეთში თამბაქოს 11.74 მილიარდი არალეგალური სიგარეტი მოიხმარეს, რაც მთლიანი მოხმარების 23.1%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს 18.75 მილიარდი არალეგალური სიგარეტი მოიხმარეს, რამაც მთლიანი მოხმარების 38%-მდე შეადგინა. 2024 წელს საფრანგეთში არალეგალური სიგარეტით ვაჭრობამ ბიუჯეტისთვის 9.5 მილიარდი ევროს დანაკარგი შეადგინა.
ამგვარად, აუცილებელია, რომ რეგულაციებს არა მხოლოდ კეთილი ზრახვები, არამედ მყარი მტკიცებულებები და საღი განსჯა ამოძრავებდეს. თამბაქოს არალეგალური პროდუქტები, კანონიერისგან განსხვავებით, რეგულირებული არ არის და მომხმარებლებისთვის მეტად მავნებელია. ამიტომ, შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებულმა გადაჭარბებით მკაცრმა შეზღუდვებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, პირიქით, შავი ბაზრისთვის სტიმულის მიცემით და მომხმარებელთა ნაკლებად ჯანმრთელი ალტერნატივისკენ გადამისამართებით დააზიანოს.




