უკრაინა

СБУ: უკრაინის სახალხო დეპუტატი ФСБ-სთვის მუშაობდა და ანტიკორუფციულ ბიუროზე გავლენა ჰქონდა

Getty Images

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) უკრაინის სახალხო დეპუტატს, ფედორ ხრისტენკოს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს. СБУ-ს თანახმად, პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად გამოავლინეს, რომ დეპუტატი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) აგენტად მუშაობდა და უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე (НАБУ) რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე იყო პასუხისმგებელი. 

ამჟამად, ხრისტენკოს ბრალად ედება სამხედრო მდგომარეობის პირობებში პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთქმულებით სახელმწიფო ღალატი და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. 

გამოძიების თანახმად, ФСБ-მ ხრისტენკო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს გადაიბირა. ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხრისტენკოს ამჟამად ახლო კონტაქტი აქვს ФСБ-ს აგენტთან, იური ივანიუშენკოსთან, რომელსაც, СБУ-ს მიხედვით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის მეთვალყურეობა აქვს დავალებული.

СБУ-ს თანახმად, ხრისტენკო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა და ანტიკორუფციულ ბიუროზე გავლენა საზღვარგარეთიდან აქვს.

გამოძიება ადგენს, რომ ხრისტენკო  მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს НАБУ-ს ხელმძღვანელობის ნაწილთან, მათ შორის, უწყების რეგიონთაშორისი სამმართველოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რუსლან მაგამედრასულოვთან, რომელიც დღეს СБУ-მ რუსეთთან ბიზნესის წარმოებისა და რუსულ მხარესთან კონტაქტის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ხრისტენკო მასთან ერთად დონეცკის უნივერსიტეტში სწავლობდა.

СБУ-ს მიხედვით, ხრისტენკოს ახლო კონტაქტი НАБУ-ს დეტექტივების განყოფილების ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სკომაროვთანაც აქვს. გამოძიების მასალების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს ორი თანამშრომელი, რომლებიც სკომაროვს ექვემდებარებოდნენ, ოლიგარქ გენადი ბოგოლუბოვს უკრაინიდან გაქცევაში დაეხმარნენ - СБУ ამბობს, რომ ეს ოპერაცია ხრისტენკოს ორგანიზებული იყო. 

ამასთან, გამოძიების მასალების მიხედვით, სკომაროვი, რომელიც წარსულში ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობის პოსტზე კანდიდატად იყო წარდგენილი, ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში კიდევ ერთი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის დახმარებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების შეწყვეტას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ "ეროვნულ ანტიკოურფიცულ ბიუროზე (НАБУ) რუსული გავლენის ნეიტრალიზაციის" მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარეს

კომენტარები