რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ГУР: უკრაინელმა ჰაკერებმა Gazprom-ის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერთავდასხმა მოაწყვეს

Gazprom-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოსკოვში
Andrey Rudakov

გამოცემა Kyiv Independent-ს უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან (ГУР) წყარომ განუცხადა, რომ სააგენტოს კიბერ სპეციალისტებმა ფართომასშტაბური კიბერთავდასხმა მოაწყვეს რუსული ენერგოკომპანია Gazprom-ის ქსელის წინააღმდეგ, რამაც მის მუშაობაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. 

უკრაინული გამოცემის მიხედვით, სავარაუდო ოპერაცია 17 ივლისს ჩატარდა და მისი სამიზნე Gazprom-ისა და მისი შვილობილი კომპანიების სისტემები იყო. უკრაინული დაზვერვის თქმით, აღნიშნული კომპანიები პირდაპირ არიან ჩართული ომში და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საბრძოლო ძალისხმევას. 

თავის მხრივ, რუსეთში ამ ინციდენტთან დაკავშირებით საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, დიდი ოდენობის მონაცემები განადგურდა და სისტემაში მოთავსდა სპეციალურად შექმნილი პროგრამული საშუალება, რომლის მიზანიც კომპანიის საინფორმაციო სისტემებისთვის დამატებითი ზიანის მიყენებაა. 

"რუსეთის საინფორმაციო სისტემების შუა საუკუნეების ტექნოლოგიებამდე დეგრადირება გრძელდება," განუცხადა წყარომ Kyiv Independent-ს. 

წყაროს მიხედვით, Gazprom-ის შიდა სისტემა 20 000-მდე სისტემის ადმინისტრატორისთვის იყო ხელმიუწვდომელი და ამასთანავე წაიშალა მთავარი მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლებიც. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმამ მოიცვა 390-მდე შვილობილი კომპანია და ფილიალი, მათ შორის Gazprom Teplo Energo, Gazprom Obl Energo და Gazprom Energozybt-იც. 

კომენტარები