წარმოდგენა არ მაქვს ამ კვლევის ხარისხზე, ჯერ არ მინახავს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია ნებისმიერისთვის, ვინც უნივერსიტეტში მუშაობს, რომ:
ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც აბარებს უნივერსიტეტში, სკოლამ ვერ მისცა საბაზისო უნარები აკადემიური სწავლისათვის; ძალიან ბევრი წელია ამას ვამბობ ყველგან, სადაც ხმა მიმიწვდება - თუ სკოლების ფუნდამენტური რეფორმა არ მოხდა, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება.
(პირდაპირი მნიშვნელობით - საუკუნის ბოლოს ალბათ ქართული ენა და ლიტერატურა უბრალოდ გაქრება დემოგრაფიული კატასტროფის გამო, ხოლო ამ დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელია სკოლების რადიკალური გაუმჯობესების გარეშე. სკოლა მომავლისთვის დაახლოებით იგივე ამბავია, რაც სასამართლო - აწმყოსთვის. დიქტატურა ჩაწერილი იქნება ჩვენი საზოგადოების დე-ენ-ემში, როგორც მისი დინამიკის კულმინაციური მომენტი, სანამ დამოუკიდებელი სასამართლო არ იარსებებს).
მაგალითად, ილიაუნიში გვაქვს მთელი წელი 'დიდი ავტორების' კითხვისათვის დათმობილი: პლატონი, ლოკი, ჭავჭავაძე, სარტრი და ა. შ. მაგრამ ამ კურსის მთავარი დასკვნა ისაა, რომ პირველკურსელები უფრო ტექსტთან მუშაობის ელემენტარულ ჩვევებს სწავლობენ, ვიდრე თავად ტექსტების შინაარსს - იმიტომ რომ ეს ჩვევები თორმეტი წლის განმავლობაში სკოლამ მათ უბრალოდ ვერ მისცა.
ვიცი, რომ ამაზე ბევრის პასუხია - ამდენმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტებში არ უნდა ისწავლოსო. მაგრამ ეს ღრმად მცდარი პასუხია: საქართველოში პროცენტულად დაახლოებით იმდენივე ახალგაზრდა სწავლობს უნივერსიტეტებში, რამდენიც ევროპის წამყვან ქვეყნებში. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ეს ქვეყანა ახალგაზრდებს, უნივერსიტეტის გარდა, მხოლოდ ქუჩის აკადემიას სთავაზობს ერთადერთ ალტერნატივად.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ახალგაზრდები გლობალური ტრენდების ნაწილი არიან მიუხედავად იმისა, რას აკეთებენ ან ვერ აკეთებენ ქართული ინსტიტუციები.
მოკლედ, არა უბრალოდ აწმყო არ გვწყალობს, მომავალიც აღარაა ჩვენი, ასე თუ გავაგრძელეთ.





