საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და შვიდი რეგიონის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტებთან პარტნიორობით გაეროს ბავშვთა ფონდმა მიზნობრივი კვლევა ჩაატარა თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში.
Unisef-ის ცნობით, კვლევის მიზანი იყო უნარებისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის საკვანძო კომპეტენციების შეფასება, რომლებიც ეფუძნება ევროკომისიის რეკომენდაციებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდების განვითარებასა და წარმატებულ გზას განათლებაში, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით, აზრების ფორმულირებასა და ნათლად გამოხატვაში.
კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდა მარტივ, მწირ ლექსიკას, ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა.
"წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო გამოდგა, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობებისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად. მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა. მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარსის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა, მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა" - წერია კვლევაში.
დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდები აღიარებენ მრავალფეროვნებისა და კულტურული ცნობიერების მნიშვნელობას. მონაწილეთა 92%-მა აღნიშნა, რომ ინგლისური ენა იცის, მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი გამოხატა დამატებითი ენების სწავლის ინტერესი.
"მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები აღიარებენ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მნიშვნელობას, მის შესახებ შეზღუდული წარმოდგენა აქვთ, განსაკუთრებით ეს ეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების პრაქტიკულ გამოყენებას.
ბევრი სტუდენტი ვერ აკავშირებს მეცნიერების ცოდნას კარიერული ზრდის პერსპექტივასთან ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა ან ქიმიური პროდუქციის წარმოება.
უმრავლესობა აღიარებს მათემატიკისა და ფინანსური წიგნიერების ღირებულებას, მაგრამ ბევრს უჭირს აღნიშნული უნარების პრაქტიკულ სიტუაციებთან დაკავშირება. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური წიგნიერება არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევა, უმცროსი ასაკის სტუდენტები მას ხშირად არარელევანტურად თვლიან. მონაწილეებმა გამოამჟღავნეს გარემოს დაცვითი საკითხებისა და ადამიანებისა და ბუნების ურთერთკავშირის შესახებ მაღალი ცნობიერება. ბევრი მეცნიერებას უმეტესად აკადემიურ სფეროდ მიიჩნევს." - წერია კვლევაში.
დოკუმენტის მიხედვითვე, მონაწილეები ფლობენ კარგ ციფრულ უნარებს და იცნობენ ტექნოლოგიებს, თუმცა ასევე, აწყდებიან გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, სოციალური მედიის წიგნიერებას და ციფრული საფრთხეების გაცნობიერებას.
"მონაწილეთა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ თავდაჯერებულია ციფრულ სივრცეში ნავიგაციის მხრივ და აქვთ ხელოვნური ინტექლექტის გამოყენებასა და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის უნარები. ბევრმა ასევე აღნიშნა სოციალურ მედიაში არსებული გამოწვევები, მათ შორის, ნამდვილი ინფორმაციის ცრუ ინფორმაციისგან გარჩევა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რის გამოც თავს დაცულად ვერ გრძნობენ" - ნათქვამია კვლევაში.
გაეროს ბავშვთა ფონდის საკვანძო რეკომენდაციიაა ყოვლისმომცველი მიდგომა მოზარდებისა და ახალგაზრდების შემეცნებითი, ემოციური და სოციალური განვითარების კუთხით. ასევე, ფორმალური განათლების და განმანათლებლების გაძლიერება ადრეული განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რათა ეფექტიანად განვითარდეს მოსწავლეთა საკვანძო კომპეტენციები. Unicef-ის რეკომენდაციით, უნდა მოხდეს არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით, რეგიონებში და ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე ყურადღების გამახვილება.
რეკომენდაციებს შორისაა, არსებული საგანმანათლებლო და მუნიციპალური პლატფორმების, ასევე, უნივერსიტეტების, ბავშვთა უფლებების ცენტრების გამოყენება, სადაც მოზარდები შეძლებენ პროექტებში მონაწილეობას, უნარების განვითარებას და ჩაერთვებიან აქტივობებში პირადი და ჯგუფური განვითარებისთვის. ასევე, ხელმისაწვდომი ციფრული სწავლების პლატფორმის შემუშავება დისტანციური და თვითსწავლის მიზნებისთვის, მრავალფეროვანი სასწავლო და განვითარების შესაძლებლობების შექმნა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის, რათა, გაიუმჯობესონ სახელმწიფო ენის ცოდნა, კარიერული განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ცოდნის გაზიარების პროგრამების შემუშავება, დანერგვა და გაძლიერება, რომლებიც მიმართული იქნება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასა და ოჯახებზე.
UNICEF-ის ცნობით, კვლევაში გამოიყენეს შერეული მეთოდების მდგომა, მეტწილად სარისხობრივი მეთოდები, რასაც დაემატა რაოდენობრივი მონაცემები საჭიროების შესაბამისად. ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 18-20 წლის 155 სტუდენტი.
კვლევაში მონაწილეობისთვის შეარჩიეს სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტი როგორც სოფლებიდან, ასევე, ქალაქებიდან, განსხვავებული აკადემიური მოსწრების და ეთნიკური ჯგუფებიდან.
კვლევა ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში.





