ბრიტანული გამოცემა Times წერს, რომ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გაგზავნისა და კრემლისადმი ულტიმატუმის წაყენების გადაწყვეტილების მიღებაში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა დაარწმუნა, რომელსაც ბავშვობა ყოფილ იუგოსლავიაში აქვს გატარებული და სიმპათიით არის განწყობილი უკრაინელების მიმართ.
გამოცემის მიხედვით, ბოლო დღეებში გაირკვა, რომ ყოფილ იუგოსლავიაში გაზრდილი პირველი ლედი თავის ქმარს, დონალდ ტრამპს, ხშირად ახსენებდა უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სასიკვდილო დარტყმების შესახებ.
"სახლში მივდივარ, პირველ ლედის ვეუბნები, "დღეს ვლადიმირს ველაპარაკე, შესანიშნავი საუბარი გვქონდა-მეთქი," და ის ამბობს, "მართლა? ახლახან კიდევ ერთ ქალაქს დაარტყესო." - გაიხსენა პრეზიდენტმა ტრამპმა 14 ივლისს ოვალურ ოფისში საუბრისას.
Times-ის მიხედვით, ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ მელანიას იმაზე მეტი გავლენა აქვს ტრამპის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია. გამოცემა წერს, რომ ბოლო პერიოდში მელანია მნიშვნელოვან დროს თეთრი სახლისგან მოშორებით, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასა და ნიუ-იორკის "ტრამპ თაუერში" ატარებდა, რათა თავის ვაჟთან, ბერონ ტრამპთან უფრო ახლოს ყოფილიყო. მაისის თვეში კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მას თეთრ სახლში 14 დღეზე ნაკლები ჰქონდა გატარებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მელანიას ინტერესის ახსნა მისი წარმომავლობით შეიძლება: "ის 1970 წელს რკინის ფარდის მიღმა დაიბადა, მელანიას წარსულში დახასიათებული აქვს მისი აღტაცება რონალდ რეიგანით - პრეზიდენტით, რომელმაც ცივი ომის დასრულებას ხელი შეუწყო." - წერს Times.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, პირველი ლედი ხშირად თავის ვაჟს სლოვენიურ ენაზე ელაპარაკება და ორივე მათგანი ევროკავშირის პასპორტს ინარჩუნებს.
ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი, მერო ჯორდანი, რომელსაც მელანია ტრამპზე ბიოგრაფიული წიგნი აქვს დაწერილი, ამბობს, რომ "[უკრაინისადმი მელანიას სიყვარული საერთოდ არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ იგი ყოფილ იუგოსლავიაში გაიზარდა - ქვეყანაში, რომელსაც რუსეთის მიმართ სიყვარული არ აქვს."
"მას კაბინეტში სხვებზე მეტი გამოცდილება აქვს თავისი სიტყვის გატანის კუთხით." - დაამატა მან.
ჯორდანის მიხედვით, მელანიას მამა, 81 წლის ვიქტორ კნავსი, აშშ-დან ხშირად მგზავრობს სლოვენიაში, სადაც მელანია გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ინფორმირებულია ევროპულ პოლიტიკაზე: "მისი სამშობლო სრულად უკრაინისკენაა და იქ ხალხი შეძრწუნებულია იმ იდეით, რომ აშშ უეცრად უკრაინას აღარ შეაიარაღებს," თქვა მან.
ამასთანავე, Times წერს, რომ ომთან მიმართებით წარსულში მელანიას უკმაყოფილების შემთხვევებიც არსებობს. 2022 წლის თებერვალში მელანიამ თქვა, რომ უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობა "გულსატკენი" და "საშინელია." სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში მან ხალხს წითელ ჯვარში თანხის გადარიცხვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მისი "ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთან ერთად არის."
"ტრამპი გარკვეულ საკითხებზე გარკვეულ ადამიანებს უსმენს," ამბობს ჯორდანი. "ის განსაკუთრებით იმ ხალხს უსმენს, რომლებიც მასთან ახლოს არიან და, უპირველსყოვლისა, თუკი მათი გვარი ტრამპია."





