ადამიანის გატაცება

ჩეჩნეთიდან გამოქცეული ქალი საქართველოშია და მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანენ

Telegram

უახლესი ინფორმაციით, ჩეჩენი ქალი, ლაურა ავტორხანოვა, რომლის გატაცებაზეც მანამდე ცნობები გავრცელდა, საქართველოში იმყოფება, პოლიციის განყოფილება დატოვა და მსხვერპლთა თავშესაფარში იქნება გადაყვანილი.

ორგანიზაცია СК SOS თბილისის დროით 06:35 საათზე წერდა, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოში ოჯახური ძალადობის გამო გამოქცეული ქალი "თავისუფალია და უსაფრთხოდ" არის.

შსს-მ ტაბულას უთხრა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ქალის გატაცებასთან ან გატაცების მცდელობასთან დაკავშირებით მცდარია და "ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება". შსს-ს ცნობით, ლ.ა. მსხვერპლთა თავშესაფარში არის გადაყვანილი.

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება.

პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა.

ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში". - წერია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, ინფორმაციას, რომ ავტორხანოვამ პოლიციის განყოფილება დატოვა უფლებადამცველი ორგანიზაცია Marem-იც თავის ტელეგრამ-არხზე ავრცელებდა.

"ლაურა ახლახან გამოვიდა პოლიციის განყოფილებიდან, სადაც მან ჩვენება მისცა და პოლიციელების კითხვებს პასუხობდა. ახლა ლაურა უსაფრთხო ადგილას მიდის". - წერს ტელეგრამ-არხი.

შეგახსენებთ, რომ რუსული ტელეგრამ არხი "Осторожно, новости" ორგანიზაცია Marem-ის ადამიანის უფლებათა აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებდა ცნობას, რომ საქართველოში ჩეჩნეთიდან ოჯახური ძალადობის გამო გამოქცეული ლაურა ავტორხანოვა თბილისიდან გაიტაცეს.

მოგვინებით, "Осторожно, новости" აქტივისტებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ავტორხანოვა პოლიციის განყოფილებაში ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა. აქტივისტების თქმით, მას აიძულებდნენ, ხელი მოაწერა განცხადებისთვის, რომ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო. ტელეგრამ-არხი წერდა, რომ ქალის ნათესავები მასთან ერთად არ იმყოფებოდნენ.

კომენტარები