აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას დააჩქარებს. მისივე თქმით, აშშ-ს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობა აქვს და მისი ყიდვა "ყველას სურს", თუმცა კონტრაქტორები მას ზედმეტად ნელა ამზადებენ.
ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.
ამერიკის მიერ დამზადებულ შეიარაღებაზე საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, Tomahawk-ის ტიპის რაკეტებსა და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს.
"მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას ვამზადებთ, გაცილებით უკეთესს, ახლოს არავინ დგას. როდესაც სხვა ქვეყნების სამხედრო აღჭურვილობას შეხედავ, ახლოსაც კი არაა [ჩვენს აღჭურვილობასთან]. ამიტომ სურს ყველას, რომ ჩვენი აღჭურვილობა იყიდოს. ამიტომ იმ კონტრაქტორებს დავაჩქარებთ, ვინც მათ ამზადებს - შესანიშნავები არიან, მაგრამ ზედმეტად ნელა ამზადებენ. ცოტათი დავაჩქარებთ და გაცილებით უფრო მეტს გავაკეთებინებთ. სამწუხაროდ, ამის გაკეთება გვიწევს". - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა.
მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ. 2 ივლისს უკრაინამ ამერიკელი დიპლომატიც დაიბარა პენტაგონის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.
თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების მიწოდება ზოგადად არ შეუჩერებია, არამედ ცვლილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და თავდაცვის დეპარტამენტი აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების "ძლიერი ვარიანტების" გაზიარებას განაგრძობს.
Politico წერდა, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ პენტაგონის საბრძოლო მასალის მარაგის შემოწმების შემდეგ არტილერიის ჭურვების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის შემცირებაზე შეშფოთებების გამო მიიღო.
მოგვიანებით, 8 ივლისს გამოცემა Axios ასევე წერდა, რომ აშშ-ს მხრიდან Patriot-ის სისტემების ბოლო პარტიის შეჩერება მარაგების გადახედვას უკავშირდებოდა.





