თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, ახვდელიანი არ თვლის, რომ იარაღი, რომლითაც თორნიკე რიჟვაძემ სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა, დაუდევრად ჰქონდა შენახული.
პროკურატურამ ახვლედიანს დღეს, 8 ივლისს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა, უწყება მაღალჩინოსანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
აფციაურის თქმით, ახვლედიანს იარაღი დახურულ ოთახში, სპეციალურ "ქეისში" ედო.
"ბრალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ "ქეისში", დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში. ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდეგში ალბათ თქვენთვისაც გახდება ცნობილი, სურათებიდან გამომდინარე, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შემინულია და იკეტება მისი კარი.
ეს "ქეისი" ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება, ნახავთ თქვენი თვალით. კამერები იყო დამონტაჟებული და ამოღებული აქვს გამოძიებას ჩანაწერები, სადაც ჩანს ყველაფერი რეალურად, ნათლად, რასაც მე თქვენ ახლა გიყვებით.
[...]
ინახავდა სპეციალურ "ქეისში", რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია, რომ სპეციალური ქეისით ვინმე დადიოდეს სააბაზანო ოთახში. დატოვა დახურულ სივრცეში.
[...]
არ მიიჩნევს, რომ მან დაუდევრად დატოვა, იმიტომ რომ თავის საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული". - თქვა აფციაურმა მედიასთან.
7 ივლისს, შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას "კორუფციას და ბარიგების მფარველობას" აბრალდებდნენ.
საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი, რომლის სახლშიც, საგარეჯოში, შემთხვევა მოხდა.





