პროკურატურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ბრალდება წარედგინა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
შსს-ს ცნობით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის არის დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელსაც ბრალი სსკ-ის 238 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
სამთავრობო პროპაგანდისტული მედია იმედი წერს, რომ არსებული ინფორმაციიით, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებული პირი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანია.





