მოლდოვური პრორუსული ოპოზიციური ბლოკის, პაბედას პირველი ნომერი ევგენია გუცული იქნება.
"ჩვენს გუნდში ბევრი ძლიერი, ძლევამოსილი ლიდერი და ხელმძღვანელია... მაგრამ დღეს მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა – ევგენია გუცული, ახალგაზრდა გოგონაა, მაგრამ მყარი პოზიცია, ხასიათი აქვს, ვფიქრობ არავინ იქნება წინააღმდეგი და ყველა მხარს დამიჭერს, თუ მას პაბედის სიის სათავეში დავაყენებ". – თქვა რუსეთში გაქცეულმა, მოლდოვაში ძებნილმა, პრორუსული პაბედის დამფუძნებელმა და ლიდერმა ილან შორმა.
პრორუსული პარტიის ყრილობა, რომელზეც გუცულის სიის სათავეში დაყენება გადაწყდა, მოსკოვში გაიმართა. ყრილობას დაესწრო პუტინის მართვადი ოპოზიციური პარტიის, ლდპრ-ის ლიდერი ლეონიდ სლუცკი.
შინაპატიმრობაში მყოფი გუცული მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერია, რომელიც რეგიონში სეპარატისტულ განწყობებს აღვივებს და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია. მას დაფინანსების უკანონოდ მიღებას და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფალსიფიკაციას ედავებიან.
გაგაუზიის ლიდერის განაჩენი 5 აგვისტოს გახდება ცნობილი. გუცულს სასამართლომ წინასწარი შინაპატიმრობა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა.
ევგენია გუცული 26 მარტს კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
გუცულს დაფინანსების უკანონოდ მიღებას და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფალსიფიკაციას ედავებიან.
წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პრორუსმა პოლიტიკოსმა დახმარებისთვის ჯერ ვლადიმირ პუტინის, მოგვიანებით კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.
გუცულის დაკავებიდან მცირე დროში მოლდოვამ რუსეთის საელჩოდან სამი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. პასუხად რუსეთმა ანალოგიურად 3 მოლდოველი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.
2024 წელს ის რამდენჯერმე ჩავიდა მოსკოვში, ერთ-ერთ ვიზიტზეგუცული ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გაგაუზიის ლიდერი პირველი მოლდოველი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩავიდა.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.
ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.





