ევგენია გუცული

"გამოიყენეთ ყველა გზა ჩემი გათავისუფლებისთვის" – გუცული პუტინს მოლდოვაზე ზეწოლას სთხოვს

ვლადიმირ პუტინი და ევგენია გუცული
1984.md

26 მარტს, მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში სამართალდამცავებმა დააკავეს.

გუცულმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დახმარებისთვის მიმართა.

"პოლიტიკური რეპრესიის შეჩერებისა და ჩემი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით, მოლდოვის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეთ დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების სრული არსენალი". – მიმართა გუცულმა პუტინს.

გარდა ამისა, გაგაუზიის ლიდერმა მაია სანდუს ხელისუფლება მოლდოვაში შიდა კონფლიქტის გამწვავებაში დასდო ბრალი.

გუცული მოლდოვის ანტიკორუფციულ ცენტრში გადაიყვანეს. ის 72 საათით არის დაკავებული. პოლიტიკოსის ადვოკატის თქმით, გაგაუზიის ლიდერი როგორც ეჭვმიტანილი დაკითხეს, ამ ეტაპზე ბრალდება არ არის წაყენებული.

რუსული მედიის ინფორმაციით, გუცულმა დახმარებისთვის ასევე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.

გაგაუზიის ლიდერის დაკავებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:

"როგორც ჩანს, კიშინიოვმა აირჩია ტაქტიკა – უარი თქვას კანონზე, დემოკრატიის პრინციპებსა და პოლიტიკურ პლურალიზმზე და უბრალოდ განახორციელოს ღია ზეწოლა ყველა პოლიტიკურ კონკურენტზე"


გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.

2024 წელს ის რამდენჯერმე ჩავიდა მოსკოვში, ერთ-ერთ ვიზიტზე გუცული ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გაგაუზიის ლიდერი პირველი მოლდოველი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩავიდა.

გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.

ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები