აშშ-რუსეთი

"ყოველთვის ვპოულობდით საერთოს" – პუტინი აშშ-ს ჩამოყალიბებაში რუსეთის როლზე ალაპარაკდა

ვლადიმირ პუტინი

"სხვათა შორის, ამერიკელებს რაც შეეხება, ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა ძალიან კარგი და უნიკალური ურთიერთობა აშშ-სთან. ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ მისწრაფებებს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ. ჩვენ სინამდვილეში იარაღითაც დავეხმარეთ, ფინანსური დახმარებაც კი მივაწოდეთ და ასე შემდეგ. 

მოგვიანებით, ჩვენ ჩრდილოეთს ვუჭერდით მხარს ჩრდილოეთ-სამხრეთის [სამოქალაქო] ომში და ასე შემდეგ. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც ჩვენ მაინც ვპოულობდით რამეს, რაც გვაერთიანებდა." - ციტირებს რუსული სამთავრობო მედია TASS ვლადიმირ პუტინს, რომელმაც აშშ-ს ჩამოყალიბებაში რუსეთის როლზე პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ილაპარაკა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 4 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთმა აშშ-ს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

"ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთმა ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მათ შორის რევოლუციური ომისა და შემდგომში სამოქალაქო ომის დროს." - განაცხადა უშაკოვმა. 

ცნობისთვის, ამერიკის რევოლუციური ომის განმავლობაში რუსეთი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, ხოლო ბრიტანეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზღვაო ხაზების დაცვისთვის შექმნილი "შეიარაღებული ნეიტრალიტეტის ლიგა" მხოლოდ ირიბად დაეხმარა ამერიკულ მხარეს და, დიდი ალბათობით, უფრო პირადი ინტერესებით იყო ნასაზრდოები.

ამასთან, ისტორიულად არ დასტურდება პუტინის მტკიცება, რომ რუსეთმა რევოლუციური ომის დროს ამერიკულ მხარეს ფინანსური ან სამხედრო დახმარება გაუწია.

რაც შეეხება აშშ-ს სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის მხარდაჭერას, ალექსანდრე II-მ 1863 წლის შემოდგომაზე მართლაც გაგზავნა ორი საზღვაო ფლოტი აშშ-ში, თუმცა, ისტორიკოსი თომას ბეილი წერს, რომ ამ სიმბოლური ნაბიჯის მიზანი სინამდვილეში სტრატეგიული იყო. ისტორიკოსის მიხედვით, 1915 წელს ფრენკ გოლდბერგის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც რუსული არქივებიდან მოპოვებულ დოკუმენტს ეყრდნობა, ამ მითს აქარწყლებს და ამტკიცებს, რომ რუსული ფლოტი ამერიკაში ძირითადად "პოლონეთის კრიზისის" გამო გამოჩნდა. 

"როგორც ბრიტანეთთან, ასევე საფრანგეთთან ომის ძალიან მაღალი ალბათობის წინაშე აღმოჩენის შემდეგ, რუსეთის მთავრობას სურდა, რომ საკუთარი ხომალდები ყინულოვანი და ბრიტანეთის მიერ დომინირებული წყლებიდან გაეყვანა და ნეიტრალურ პორტებში ჩაეყენებინა, საიდანაც გაეშურებოდნენ და მტრის ვაჭრობას გააჩანაგებდნენ." - წერს ისტორიკოსი თომას ბეილი. 

ამას გარდა, ისტორიკოს ნორმან გრებნერის მიხედვით, რუსეთი აშშ-ს სამოქალაქო ომში ჩრდილოეთს სიტყვიერი მხარდაჭერას მეტწილად იმისთვის უცხადებდა, რომ მისი გადმოსახედიდან, აშშ ბრიტანეთის იმპერიის საწინააღმდეგო ბალანსის როლს ასრულებდა.

კომენტარები