ავტომობილით შეჭრა

მედია: ტბისში, მუსიკალურ ფესტივალზე, უცნობმა პირმა ხალხში მანქანით შეჭრა სცადა

ალგეთის ტბასთან, სოფელ ტბისში, მუსიკალური ფესტივალი KUPALLE მიმდინარეობს.

მედია Paper Kartuli ფესტივალის სტუმრების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 6 ივლისს, უცნობმა პირმა, კოცონის გარშემო შეკრებილ ხალხში ავტომობილით შეჭრა სცადა.

Paper Kartuli-ს Telegram არხში ასევე ერთ-ერთი სტუმრის მიერ გადაღებული ვიდეოც დევს.

მძღოლმა შეჭრა ორჯერ სცადა. როგორც მოწმეები ამბობენ პირველად დაბალი სიჩქარით, ხოლო მეორედ სიჩქარე გაცილებით მაღალი იყო. ერთ-ერთი ფესტივალის სტუმრის თქმით, "სასწაულია, რომ მანქანა არავის დაეჯახა". 

გარდა ამისა, თვითმხილველების თქმით, მძღოლი სავარაუდოდ ალკოჰოლისა ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

როგორც მედია წერს, ადგილზე მისულმა პოლიციამ მძღოლი არ დააკავა.

Paper Kartuli ფესტივალის ორგანიზატორებს დაუკავშირდა, რომელთაც კომენტარის თქმაზე უარი თქვეს, ვინაიდან "მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებები".

 

კომენტარები