რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუტე ხაზს უსვამს აშშ-სგან უკრაინისთვის უწყვეტი სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 2 ივლისს Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ესმის აშშ-ს საჭიროება საკუთარი თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას დაუყოვნებლივ ესაჭიროება დასავლეთის მხარდაჭერა. 

"სავსებით მესმის, რომ აშშ-ს ყოველთვის ესაჭიროება, უზრუნველყოს, რომ მისი ინტერესები დაცული იყოს," თქვა რუტემ Fox News-თან საუბრისას. "როცა საქმე უკრაინას ეხება, მოკლე ვადაში, უკრაინა ვერ შეძლებს იმ ყოველგვარი დახმარების გარეშე, რასაც ის იღებს." - დაამატა მან. 

ამასთანავე, წამყვანის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, თავდაცვის ბიუჯეტის "კატასტროფული" გაზრდით NATO დაიშლება, რუტემ უპასუხა, რომ ლავროვს "დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ."

"ლავროვი ქრისტეს შობიდან მოყოლებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და მას შემდეგ მისი პირიდან არაფერი სასარგებლო არ თქმულა. ამიტომ, მოდით, ბატონ ლავროვს დიდ ყურადღებას ნუ დავუთმობთ." - თქვა რუტემ.

ცნობისითვის, დღეს, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

NBC News წერდა, რომ Patriot-ის სისტემების გარდა უკრაინას დროებით აღარ გედაეცემა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, 100-ზე მეტი Hellfire-ის ტიპის რაკეტა, GMLRS-ის სისტემებისთვის 250-ზე მეტი საბრძოლო მასალა,"მიწა-ჰაერის" კლასის  Stinger-ის ტიპის ათეულობით რაკეტები, "ჰაერი-ჰაერის" ტიპის საჰაერო მიზნის გზაგადამჭრელი რაკეტები და ყუმბარსატყორცნები. 

Politico კი წერდა, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ პენტაგონის საბრძოლო მასალის მარაგის შემოწმების შემდეგ არტილერიის ჭურვების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის შემცირებაზე შეშფოთებების გამო მიიღო. 

მედიისთვის გაგზავნილ განცხადებაში თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ ცნობები დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-ს მხრიდან "მსოფლიოს გარშემო სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და მხარდაჭერის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახედვის შემდეგ ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად". 

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ.

"უკრაინულმა მხარემ აქამდე გამოყოფილი აშშ-ს სამხედრო დახმარების პაკეტების გარკვეული ნაწილის მიწოდების შეჩერებაზე განცხადებას ყურადღება მიაპყრო და პარტიების მიწოდების აქტუალურ ფაქტობრივ მდგომარეობას არკვევს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები