პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა ფედერალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა სამოქალაქო უფლებების კანონი დაარღვია, რადგან მან ვერ შეძლო კამპუსზე ებრაელი სტუდენტების დაცვა. შედეგად, უნივერსიტეტმა შესაძლოა, დამატებითი ფედერალური დაფინანსება დაკარგოს.
უნივერსიტეტისთვის მიწერილ წერილში, რომელშიც გამოძიების შედეგებია შეჯამებული, ფედერალური სამუშაო ჯგუფი წერს, რომ "ჰარვარდი ზოგიერთ შემთხვევაში განზრახ ინდიფერენტული იყო და სხვა შემთხვევებში თვითნებური მონაწილე იყო ებრაელი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და თანამშრომლების ანტისემიტურ შევიწროებაში."
თავის მხრივ, ჰარვარდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი "ამ საკითხის მიმართ გულგრილი საერთოდ არ არის და მტკიცედ არ ეთანხმება მთავრობის გამოძიების შედეგებს."
უნივერსიტეტის მიხედვით, მათ არაერთი ნაბიჯი გადადგეს, რათა უკეთ მოხდეს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ დაცვა და მხარი დაუჭირონ კამპუსზე ებრაელ სტუდენტებს.
აღნიშნული გამოძიება აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანთა უფლებების დეპარტამენტმა ჩაატარა და მასში განსაზღვრულია ის დარღვევები, რომელიც ჰარვარდის კამპუსზე 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მოხდა.
ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს უკვე $2 მილიარდამდე ფედერალური დაფინანსება გაუუქმა ან გაუყინა, რის გამოც უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა. საქმეზე სასამართლო განხილვა ივლისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.





