დაპირისპირება ტრამპსა და მასკს შორის

მასკმა ტრამპის საგადასახადო კანონპროექტი გააკრიტიკა და ახალი პარტიის შექმნით დაიმუქრა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მილიარდერი მრჩეველი ილონ მასკი
Chris Unger/Zuffa LLC

ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა, რომელმაც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის კამპანიის მხარდასაჭერად $290 მილიონამდე დახარჯა, კვლავ გააკრიტიკა რესპუბლიკელების "დიდი, ლამაზი" საბიუჯეტო და საგადასახადო რეფორმების კანონპროექტი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს მხარს. 

მასკის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი "ვალის მონობის კანონპროექტს" წარმოადგენს და დაიმუქრა, რომ მისი მიღების შემთხვევაში იგი ახალი პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს. 

"ყოველმა კონგრესის წევრმა, რომელიც კამპანიას სამთავრობო ხარჯის შემცირებაზე აწარმოებდა და შემდეგ დაუყოვნებლივ მხარი დაუჭირა ისტორიაში ვალის ყველაზე დიდ ზრდას, თავი სირცხვილით უნდა დახაროს! და ისინი მომდევნო წელს პრაიმერიზებში წააგებენ, თუ ეს უკანასკნელი რამ იქნება, რასაც დედამიწაზე გავაკეთებ." - დაწერა მასკმა X-ზე. 

ორშაბათს, 30 ივნისს, მასკმა ასევე დაწერა, რომ "ახალი პოლიტიკური პარტიის [შექმნის] დროა, რომელსაც ხალხი ნამდვილად ადარდებს". 

ცნობისთვის, ტრამპსა და მასკს შორის ღია საჯარო დაპირისპირება 3 ივნისს დაიწყო, როცა მასკმა ზემოხსენებულ კანონპროექტს, რომელიც იმ დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში განიხილებოდა, "გულისამრევი საშინელება" უწოდა. 

"დიდი, ლამაზი" განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის

"ეს უზარმაზარი, აღმაშფოთებელი, ხარჯებით გავსებული კონგრესის კანონპროექტი გულისამრევი საშინელებაა. სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით. იცით ეს". - წერდა მასკი X-ზე. 

მასკის მხრიდან საჯარო დაპირისპირებას მალევე დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი მასკით "იმედგაცრუებული" იყო, რის შემდეგაც სხვადასხვა სოციალურ ქსელზე სიტყვა-პასუხი მწვავე განცხადებებსა და მუქარებში გადაიზარდა.

მასკი ირწმუნებოდა, რომ მისი ჩარევის გარეშე ტრამპი არჩევნებში დამარცხდებოდა. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დაწერა, რომ ადმინისტრაციიდან გაშვებისა და მისთვის "ელექტრომობილების მანდატის ჩამორთმევის" შემდეგ, მასკი "გაგიჟდა". საპასუხოდ მასკმა ონლაინ-დაპირისპირებაში ჯეფრი ეპსტინის გახმაურებული საქმე და მასთან ტრამპის კავშირი ახსენა, რის შემდეგაც მან პრეზიდენტს "კარგი დღე" უსურვა. 

რამდენიმე დღის შემდეგ გამოცემა Politico თეთრი სახლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო ზარის შემდეგ მათ შორის "მერყევი ზარი" დამყარდა, რის შემდეგაც მასკმა წაშალა პოსტი, რომელშიც იგი ტრამპს "ჯეფრი ეპსტინის ფაილებთან" კავშირის ქონაში სდებდა ბრალს. ხოლო 11 ივნისს მასკმა X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტის გამო "ნანობდა".

კომენტარები