ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა საკუთარ საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტის გამო "ნანობს".
"ვნანობ გასულ კვირას დონალდ ტრამპზე ჩემს ზოგიერთ პოსტს, ეს ზედმეტი იყო" - წერს მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი X-ზე.
ცნობისთვის, ტრამპსა და მასკს შორის ერთ დროს მჭიდრო თანამშრომლობა გასულ კვირას მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა, რის ფარგლებშიც მასკი აშშ-ს პრეზიდენტს X-ის მეშვეობით დაუპირისპირდა.
"დიდი, ლამაზი" განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის
სიტყვიერი შეკამათების დროს მასკმა ტრამპს დააბრალა, რომ მისი სახელი ეპსტინის ფაილებში ფიგურირებს და ამ დროისთვის უკვე წაშლილ პოსტში იგი იმასაც ამტკიცებდა, რომ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროება სწორედ ამ მიზეზის გამო არ მომხდარა.
მასკი ერთ-ერთ პოსტში ტრამპის იმპიჩმენტის იდეასაც მიემხრო, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი, თავის მხრივ, მასკის კომპანიებთან ფედერალური კონტრაქტების გაუქმებით დაიმუქრა, თუმცა, მაღალჩინოსნების მიხედვით, ამ პოზიციებს ისინი გულწრფელად არ იზიარებდნენ.
დაპირისპირების შემდეგ, 7 ივნისს, NBC News-თან სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკთან ურთიერთობების აღდგენა არ სურს.
თუმცა, 8 ივნისს გამოცემა Politico თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპისა და მასკის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო ზარის შემდეგ, ტრამპსა და მასკს შორის "მერყევი ზავი" დამყარდა.





