აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც სირიაზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, აშშ სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და საექსპორტო შეზღუდვებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების შემსუბუქება არ შეეხებათ სირიაში დღემდე მცხოვრებ იმ პირებსა და აქტიურ ერთეულებს, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან თანამშრომლობდნენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება სხვადასხვა სახის ეკონომიკური შეზღუდვის შემსუბუქების გარდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამისთვის (HTS) მინიჭებული უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის გადახედვას ავალდებულებს. აღსანიშნავია, რომ ასადის რეჟიმი სწორედ HTS-მა, ალ-კაიდას ყოფილმა შტომ, დაამხო.
ასევე, ბრძანება აშშ-ს სახელმწიფო მდივანს სირიისთვის მინიჭებული ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოს სტატუსის გადახედვასაც ავალდებულებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს პრეზიდენტს სურს სირიის ახალ მთავრობას "შანსი მისცეს" და სირიასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას აშშ-ს ინტერესების შესაბამისად განიხილავს.
მანამდე, CBS-მა გაავრცელა ცნობა, რომ ტრამპი სირიაზე დაწესებული სანქციების შემსუბუქების ბრძანებას ხელს მალე მოაწერდა.
აღმასრულებელი ბრძანება ტრამპის განცხადებას მოჰყვება, რომელიც მან მაისში, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს გააკეთა და რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მთლიანად გააუქმებს.
ახლო აღმოსავლეთში ვიზიტისას ტრამპი შეხვდა სირიის დროებითი მთავრობის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას.





