ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს მოუწოდა გამოიძიოს, გამოიყენა თუ არა ისრაელმა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე ირანზე თავდასასხმელად.
სატელეფონო საუბარი პრეზიდენტებს შორის 26 ივნისს შედგა. ირანული მხარის ინფორმაციით, საუბრისას ფეზეშქიანმა მოითხოვა "შეისწავლონ და გადაამოწმონ გავრცელებული ცნობები, რომ შესაძლოა [ისრაელის] დრონებმა და მიკრო საჰაერო აპარატებმა ირანზე თავდასხმებისთვის აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენეს".
ირანული მხარის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეზეშქიანმა თავი შეიკავა აზერბაიჯანის პირდაპირი დადანაშაულებისგან და აღნიშნა, რომ "აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს [ისრაელის] აგრესიის დროს ირანისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობას უხდის".
ირანული ვერსიის მიხედვით, ალიევმა დაგმო ისრაელის აგრესია და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი "არასოდეს დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ" და რომ ქვეყანას "საკუთარი საჰაერო სივრცის სრული კონტროლი აქვს".
სატელეფონო საუბართან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიევმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის პოზიცია ირანსა და ისრაელს შორის ბოლოდროინდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო.
"აზერბაიჯანის ლიდერმა მიულოცა პრეზიდენტ ფეზეშქიანს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და ირან-ისრაელის დაპირისპირების შეჩერება, ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.
ირანში გავრცელებული ბრალდებების ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ აღნიშნული ბრალდებები "უსაფუძვლო და ყალბია".





