ირანი-აზერბაიჯანი

WP: ირანმა აზერბაიჯანელი რაბინის მოსაკლავად საქართველოს მოქალაქე დაიქირავა

რაბინი შენორ სეგალი

Washington Post-ის ინფორმაციით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აზერბაიჯანელი რაბინის მოსაკლავად საქართველოს მოქალაქე დაიქირავა.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნარკორეალიზატორ აგილ ასლანოვს რაბინ შენორ სეგალის მკვლელობის სანაცვლოდ 200 000 დოლარი შესთავაზეს.

წყაროების ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცერმა ასლანოვს რაბინის ფოტოსურათი და მისი მოკვლის დეტალური ინსტრუქციები გადასცა. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ინსტრუქციები საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმასაც ითვალისწინებდა.

ასლანოვი და მისი აზერბაიჯანელი თანამზრახველი ტერორისტული აქტის დაგეგმვის ბრალდებით იანვარში დააკავეს. 

სეგალმა The Washington Post-ს უთხრა, რომ მკვლელობის მცდელობის შესახებ აზერბაიჯანული მედიიდან შეიტყო. მისი თქმით, ის აზერბაიჯანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

"ჩვენ აქ მშვიდად ვცხოვრობთ. ქუჩებში შიშის გარეშე დავდივარ". - აღნიშნა რაბინმა.

კომენტარები