რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უმეროვის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში კიმ ჩენ ინის "ელიტური რეზერვის" 20% გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი
KCNA VIA KNS/AFP/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინასთან ომში საბრძოლველად რუსეთში ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ელიტური "პერსონალური რეზერვიდან" უკვე 11 000 ჯარისკაცი გაგზავნა, რაც რეზერვის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ამის შესახებ უმეროვმა 26 ივნისის პრესბრიფინგზე ისაუბრა

"ისინი არიან ჯარისკაცები, რომლებსაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა სპეციალური კრიტერიუმებით არჩევენ. ამ დანაყოფებს უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ". - თქვა უმეროვმა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, სადაზვერვო ინფორმაციაა ჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში კიდევ უფრო მეტი სამხედროს გაგზავნას განიხილავდა. თუმცა, უმეროვის მიხედვით, ეს ნაბიჯი საკუთარი სტრატეგიული რეზერვის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევდა და რეჟიმის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნიდა. მინისტრის ცნობით, უკრაინაში ჩრდილოკორეული დანაყოფების როტაცია 4-ჯერ მოხდა. 

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის სამსახურის 15 ივნისის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის შემოდგომაზე კურსკის ოლქში სამხედროების პირველად გაგზავნის შემდეგ, უკრაინასთან ბრძოლის დროს 6000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაშავდა ან დაიღუპა. 

"რუსეთის მიერ ჩრდილოკორეელთა ელიტური დანაყოფების გამოყენება აჩვენებს არამხოლოდ მზარდ დამოკიდებულებას ტოტალიტარულ რეჟიმებზე, არამედ სერიოზულ პრობლემებს საკუთარი მობილიზაციის რეზერვზეც". - დაამატა უმეროვმა. 

ცნობისთვის, 26 ივნისს სამხრეთ კორეულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში, უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად დამატებით ჯარისკაცების გაგზავნას გეგმავს. 

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის დაზვერვის კომიტეტს დახურულ კარს მიღმა წარუდგინა. არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში დამატებითი ჯარისკაცების რეკრუტირება უკვე დაწყებულია. 

ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ივნისში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ფხენიანში ვიზიტით ორჯერ ჩავიდა. 

შოიგუ ფხენიანში გახშირებულ ვიზიტებს უკავშირებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა 2024 წლის 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი კურსკის აღსადგენად რუსეთის ოლქში 1 000 მესანგრეს და 5 000 სამხედრო მუშას გაგზავნის.

 

კომენტარები