The Washington Post-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 24-25 ივნისს ჰააგაში გამართულ NATO-ს სამიტზე პირობა დადო, რომ რუსეთი NATO-ს წევრ სახელმწიფოებს თავს არ დაესხმება, სანამ ის პრეზიდენტია.
ინფორმაციას ამის შესახებ WP სამ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც სამიტზე შეხვედრებს ესწრებოდნენ. წყაროების ცნობით, ტრამპმა აღნიშნული პირობა სამიტის ძირითადი სესიის მიმდინარეობისას დადო.
ამასთან, სამიტის პრესკონფერენციაზე საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ NATO-ს წევრებზე თავდასხმის შესაძლებლობა დაუშვა.
როდესაც მას ჰკითხეს, ფიქრობდა თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ტერიტორიული ამბიციები უკრაინის მიღმაც ჰქონდა, ტრამპმა უპასუხა, რომ "ეს შესაძლებელია".
WP-ს ცნობითვე, აშშ-ს პრეზიდენტი მეტად კმაყოფილი დარჩა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის დადებული ახალი შეთანხმებით – შემდეგი ათი წლის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ.
ამას ადასტურებს ტრამპის 26 ივნისის პოსტი Truth Social-ზეც:
"გუშინდელი NATO-ს სამიტი შესანიშნავი იყო, ყველაზე ერთიანი და პროდუქტიული ისტორიაში. არაჩვეულებრივი დღე საოცარ და მზრუნველ ლიდერებთან ერთად. შეთანხმებული 5% NATO-ს რეალურ ძალას ანიჭებს". - ვკითხულობთ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტში.
თავდაცვის არასაკმარისი ხარჯების გამო ალიანსის მრავალწლიანი მწვავე კრიტიკის შემდეგ, ტრამპმა დადებითად შეაფასა სამიტზე მყოფი NATO-ს ლიდერების ძალისხმევა და მონდომება თავიანთი ქვეყნების თავდაცვის გაუმჯობესების მხრივ.
"ამ ქვეყნების ლიდერებს ვუყურებდი, როგორ დგებოდნენ და თავიანთი ქვეყნების მიმართ როგორ სიყვარულსა და გატაცებასაც გამოხატავდნენ, დაუჯერებელი იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს. მათ თავიანთი ქვეყნების დაცვა სურთ და ამისთვის აშშ სჭირდებათ". - თქვა ტრამპმა სამიტის პრესკონფერენციაზე საუბრისას.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, აღარ ფიქრობს, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოები აშშ-სგან ფულს იპარავენ – მათ "თავიანთი ქვეყნების დაცვა სურთ".
"აქედან მივდივარ იმ ფიქრით, რომ ამ ადამიანებს ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყნები, ეს არ არის ფულის მოპარვა და ჩვენ აქ ვართ, რათა მათ საკუთარი ქვეყნის დაცვაში დავეხმაროთ". - დასძინა ტრამპმა.





