რუსეთი ეროვნული სასწავლო გეგმიდან უკრაინული ენისა და ლიტერატურის ამოღებას გეგმავს, მათ შორის, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ინფორმაციას Коммерсант რუსეთის განათლების სამინისტროს ბრძანების დოკუმენტის წინასწარ ვერსიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის განათლების სამინისტროს დოკუმენტში გადაწყვეტილების მიზეზად "შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება" აქვს მითითებული.
აქამდე უკრაინული ენა და ლიტერატურა უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონების, ზაპოროჟიესა და ხერსონის სკოლებში უკრაინელი ბავშვებისთვის სავალდებულო საგანი იყო.
რუსეთის რეგიონებსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული ენის გაკვეთილები მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე ტარდებოდა. 2023-2024 სასწავლო წელს ეს გაკვეთილები მოითხოვეს ოკუპირებულ ყირიმში, ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში და ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
ბრძანების დოკუმენტის წინასწარი ვერსიის მიხედვით, სასწავლო გეგმიდან ამოღებული იქნება უკრაინული ლიტერატურაც, პირველიდან მეცხრე კლასების ჩათვლით. ეს საგანი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებისთვის.
2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მრავალჯერ დაუდანაშაულებიათ მასობრივი კამპანიის წარმოებაში, რომლის მიზანიც მიტაცებულ ტერიტორიებზე უკრაინული იდენტობისა და კულტურის წაშლაა.
2024 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინულ ენას "საკუთარი ეშხი და სილამაზე აქვს ისევე, როგორც უკრაინულ კულტურას", თუმცა კიევი რუსულის მოლაპარაკეებისთვის უკრაინულის სწავლის დაძალებაში დაადანაშაულა.
პუტინმა ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწოდა, რომ თავი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებისთვის რუსულის სწავლა არ ეიძულებინათ და აღნიშნა, რომ ენობრივი პოლიტიკა "რბილი და ბუნებრივი" უნდა იყოს.
"როგორ შეგვიძლია უარვყოთ მათი ენა და კულტურა? ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ასეთი სურვილი". - ამბობდა პუტინი.
2025 წლის გაზაფხულზე რუსული სკოლებისთვის განკუთვნილ ლიტერატურის ახალ სახელმძღვანელოში უკრაინასთან დაკავშირებული ნაწილები უკვე ამოღებული იყო, მათ შორის, ინფორმაცია ნიკოლაი გოგოლის უკრაინული წარმომავლობის შესახებ.





