ცხოვრებაში არის ჭრილობები, რომელიც კეთრივით ღრღნის და ხრავს მარტოკაცის სულს. - ასე იწყებს მისი ტექსტის, ბრმა ბუს თხრობას ირანული ლიტერატურის თანატოსი, სადეყ ჰედაიათი.
გადავწყივტე, ჩემი ტექსტიც, რომელიც აბას ქიაროსთამის 76-ე იუბილეს ეძღვნება ამ გენიალური წინადადებით დამეწყო - ეს არის სიტყვები, რომელიც ყველაზე ზუსტად აღწერს იმ მოვლენას, რაც ირანულ კულტურას 46 წლის წინ დაემართა, აღწერს ირანული სახელმწიფოებრიობის ორმოცწლეულს, ირანელი ხალხის მრავალწლოვან ტკივილს და წარუშლელ ნაწიბურს, რომელიც აღმოსავლეთ ჰორიზონტზე თითოეულ ადამიანს დღემდე ღრღნის და არ აძლევს მოსვენების საშუალებას.
1978 წელს ირანი რადიკალურად შეიცვალა. ფუნდამენტალისტურმა რევოლუციამ ირანი ფაქტობრივად იზოლაციონისტურ არარასა და რადიკალური ბიოპოლიტიკის ტერორში მოაქცია.
მიუხედავად იმისა, რომ მე ირანში არასდროს ვყოფილვარ და დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს მოვხვდები, მაინც უჯრედულ დონემდე მიყვარს იგი - ეს ჩემთვის შორ, ძალიან შორ მანძილზე არსებული სიყვარულია რომლის მთავარი მიზეზი ირანული ლიტერატურა და კინოა.
ხშირად ვახსენებთ ირანული კულტურისა და ხელოვნებისთვის დამახასიათებელ თვითმყოფად სევდას, რომელიც თითოეულ მედიუმსა და ცალკეულად, ირანული იდენტობის მქონე ადამიანებში ასე ღრმად არის გამჯდარი.
ეს სევდა რეალურად არის ადამიანურობის ყველაზე ორგანული გამოძახილი ან გნებავთ მუდმივი გმინვა იმ ბნელი, ნათელი დღეების მიმართ, რომელიც ირანულ სახელმწიფოებრიობაში რევოლუციამდე იყო.
აბას ქიაროსთამი XX საუკუნის ირანული კინემატოგრაფის მეორე ახალი ტალღის ერთ-ერთი გამორჩეული, მოკიაფე ნათელი წერტილია - მიუხედავად მისი თანამედროვეებისა (მოჰსენ მახმალბაფი, ასღარ ფაჰრადი), ქიაროსტამის შემოქმედება არსებითად გამორჩეული და დაუვიწყარია თითოეული ადამიანისთვის, ვისაც ნელი კინო და რაც მთავარია, ირანული კინო უყვარს.

როგორც შემოქმედისთვის, ქიაროსტამის ღერძისმიერი მოტივი და სახეხატება პროფანიზებული ადამიანია - მისი ფოკუსი გადის აწმყოსა და იმ სივრცობრივ მოცემულობაზე, რაშიც მის გმირებს უწევთ გზის გაგნება, თვითგამორკვევა - ეს არის სიცოცხლით გაჟღენთილი კინოპოეტიკა, რომელიც მაყურებელს არსებობის საშუალებას, თვითრეფლექსიურ სივრცეს აძლევს კინოსურათში.
ქიაროსტამის თითოეული კადრი და მიზანსცენა პროფანულობის ყველაზე თვითმყოფად, მრავალშრიან და ემოციურად კომპლექსურ პრეცედენტს ქმნის - სურათოვნების ის ტიპი, რასაც იგი მაყურებელს სთავაზობს აბსოლუტურად დაცლილია ხელოვნურობისგან; ეს არის სადა, წმინდად ადამიანურ მოტივებზე აგებული კადრები და თხრობითი სტილი, რომელიც თითოეული ნელი კინოს მოყვარული ადამიანისთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს მისი ცხოვრების ბოლომდე.

კვაზი-დოკუმენტალისტიკა, როგორც ქვეჟანრი და მიმდინარეობა კინემატოგრაფში წმინდად ნეო-რეალიზმისგან გამომდნარი პროდუქტია - ეს პირველ რიგში გამოიხატება იმ ტიპის გამომსახველობითი ფორმით, რასაც რეალიზმის ესთეტური ფაბულა ქმნის კინოკამერის დახმარებით - რეჟისორი გაცხადებული სისადავითა და რეალური [თვითმყოფადი] სივრცობრივი მიზანსცენურობით არღვევს არსებით საზღვარს მაყურებელსა და ფილმს შორის.

ეს ყოველივე შესაძლოა ამგვარი ფორმულით განვაზოგადოთ - რამდენადაც რეალურია მიზანსცენა, მისი სივრცობრივი სურათოვნებითა და დრამატურგიული მოტივით, იმდენადვე ხელშესახები და ახლო ხდება მაყურებლისთვის როგორც გმირი, ასევე ამბავი, რომელიც კონკრეტულ სივრცობრივ ეპიზოდში ხდება.
ამ ტექსტში გადავწყვიტე აბას ქიაროსთამის ორი ფილმი, ახლო ხედი (1990) და ალუბლის გემო (1997) განმეხილა - მიუხედავად მონუმენტური კოკერის ტრილოგიისა, რომელიც არანაკლებ წარმოაჩენს ქიაროსთამის კინემატოგრაფიულ ღირსებას, ამ ორი ფილმის მიმართ ძალიან საკრალიზებული დამოკიდებუელბა მაქვს.
პირველ რიგში, როცა ვსაუბრობთ ნელ კინოსა და კვაზი-დოკუმენტალისტურ მიმდინარეობაზე, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ახლო ხედს, რომელიც ყველაზე ორგანულად ახდენს იმ ფაქტის რეპრეზენტაციას, თუ როგორ ითვისებს ფუნდამენტალისტური რევოლუცია და რადიკალური თეოკრატია მისი სოციო-პოლიტიკური ფიასკოს პარალელურად ადამიანების პირად ინტერესებს, სურვილებსა და გულწრფელ მისწრაფებებს.
ეს კინოპოემა, რომელიც სულ რაღაც საათნახევარს გრძელდება მოგვითხრობს რეალურ ისტორიას ირანელი სინეფილის, ჰოსეინ საბზიანის შესახებ, რომელსაც სასამართლო ბრალს ირანელი მწერალისა და რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის პერსონიფიკაციაში სდებდა.
რეალურად ეს მართლაც ასე მოხდა - საბზიანმა ირანის მკვიდრი ერთ-ერთი წვრილბურჟუაზიული ოჯახი დაარწმუნა, რომ ის მართლაც მახმალბაფი იყო - იგი ერთი თვის მანძილზე სტუმრობდა მათ სახლს, ესაუბრებოდა მისი, როგორც „რეჟისორის“ შემოქმედებითობაზე, კინოსა და მისი წარმოების შესახებ.
ქიაროსთამი ამ ყველაფერს განსაკუთრებული ემოციური სიღრმით და სისადავით წარმოაჩენს (არც უნდა გაგვიკვირდეს, ეს ხომ მისი ხელწერაა), თუმცა ახლო ხედის შემთხვევაში, ეს ორგანული სადა კინემატოგრაფული, სურათოვანი ფაბულა არსებითად სცდება მის საზღვრებს - ამის პირველი მიზეზი, თვითონ საბზიანის გულუბრყვილო, სიკეთით სავსე ფენოტიპია - ქიაროსთამი კვაზი-დოკუმენტალისტური კომპოზიციური გადაწყვეტით მაყურებელში არღვევს იმანენტურ შრეს და ჩადის ჩვენს გულისგულამდე.
პერსონიფიკაცია ამ შემთხვევაში, ადამიანთა უნივერსალური კონდიცია და გარკვეულ შემთხვევაში ერთგვარი მექანიზმიცაა იმ ყოფითი, ეკონომიკური პროცესებისგან თავის დასაღწევად, რასაც სივრცობრივი რეალობა უწესებს ადამიანებს.
საბზიანის სურვილიც, რეალურად ძალიან ბავშვური და ადამიანურია. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ყველას ადამიანს ჰქონია მსგავსი სურვილი - ერთი დღით მაინც გაგვეცვალა ადგილი ჩვენს როლურ მოდელებთან - საბზიანმა ეს 1 თვის განმავლობაში შეძლო.
ფილმის საკვანძო დრამატურგიული ხაზი მის ფინალსა და სასამართლო პროცესზე გადის. მაყურებელი ერთდროულად უსმენს საბზიანის გულწრფელ, დაუცველ სახეს, რომელიც უჯრედულ დონეზე ასხივებს სინანულსა და წუხილს.
არსებითად მნიშვნელოვანია, ასევე სოციო-პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი, რისი რეპრეზენტაციას სასამართლო პროცესზე ხდება - ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს რეალურად კულტურული კოდი, რაზე გადის ამ ადამიანების მორალური ვექტორები და რა შედეგებამდე მიჰყავს მასობრივ ინფლაციას 1990-იანების ირანი.
ფინალისას საბზიანი ხვდება რეალურ მახმალბაფს. ის მოჰსენის მკლავებში იწყებს ტირილს, გადის მთელ თეირანს მისი მოტოციკლითა და ქოთანში ჩარგული ქრიზანთემით ხელში, რომელიც „მსხვერპლი“ ოჯახისთვის მიაქვს. მოჰსენი ეუბნება ჰოსეინს - ცრემლები მოიწმინე. - კადრირება ჰოსეინსა და ქრიზანთემაზე წყდება, ფილმი მთავრდება.
მჯერა, რომ ახლო ხედი (1990) არის ფილმი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს - ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად დააფიქრებს მაყურებელს საკუთარ ბუნებაზე - იმაზე, თუ როგორი ადამიანობა და როგორები ვართ ჩვენ, ცალკეულად.
ბლის გემო (1997)
ბლის გემომ 1997 წელს ქიაროსთამის კანის კინოფესტივალის გრანპრი, ოქროს პალმა მოუტანა.
ბლის გემო (როგორც ამას ამერიკელი კრიტიკოსი, გოდფრი ჩეშირი აღწერს) არის ფილმი სიცოცხლის სიყვარულზე - მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მთავარი გმირი, ბაადი, რომელიც შუახნის შეძლებული ირანელი კაცია ცდილობს ქალაქგარეთ ვოიაჟისას ისეთი ადამიანის იპოვნოს, რომელიც მას საკუთარ სუიციდში დაეხმარება.
ექსპლიციტურად ფილმის ცენტრალური დრამატურგიული მოტივი სიცოცხლისა და სიკვდილის (როგორც ბინარული ოპოზიციების) ამბივალენტურ, ექსპლიციტურ რიტორიკულობაზე გადის, თუმცა ქიაროსთამის კამერა საშუალებას გვაძლევს ამ მშრალი მიზანსცენური ვოიაჟის და პანორამული თხრობის მიღმა ჩავიდეთ ბაადის, როგორც ადამიანის და თვითმყოფადი ცოცხალი ორგანიზმის ემოციურ შრეებამდე, გავიაზროთ მისი იმანენტური კონფლიქტები და გავხდეთ მისი რეინჯ როვერის უკანა სავარძლის მგზავრი.
ბაადი ეძებს მის ქარონს, თანამზრახველს, რომელიც იმ შემთხვევაში თუ ის წარმატებით შეძლებს სუიციდს, მეორე დღეს იმავე ადგილას (ბლის ხის ქვეშ) მოვა და დამარხავს - ბაადი არ ავალდებულებს მათ აქტში მონაწილეობაზე.
მისი ვოიაჟის მანძილზე ბაადი სულ სამ ადამიანს ხვდება [დაიმგზავრებს] - მოზარდ ჯარისკაცს, სემინარისტსა და მოხუცებულ კაცს, რომელიც ამ შემთხვევაში მთავარი და საბედისწერო გადაკვეთა ხდება ბაადისთვის.
ცალკეულად აღსანიშნია, თუ როგორი დეკონსტრუირებული გამომსახველობით ფორმით გვაწვდის ქიაროსთამი სპარსული ხელოვნებისა და ლიტერატურის კონტურულ მოტივებს - მანქანა და მუდმივი ახლო ხედი (შიგნიდან) ამ შემთხვევაში ქმნის უაღრესად დუალისტურ კომპოზიციას; ჩვენ ვიღებთ ორმაგ ჩარჩოებს, რომელიც ამ შემთხვევაში სცდება მანქანის ჩარჩოს კონვენციურ ვიზუალურ განსაზღვრებას.
ფანჯარა, როგორც გამავალი გზა პროფანიზებულ და მიღმიერ რეალობას შორის სპარსული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ხშირადგამოყენებადი ტროპული მოტივია - ფანჯარას ვხვდებით სადეყ ჰედაიათის ბრმა ბუშიც, სადაც მთავარი პერსონაჟი ფანჯრიდან ხედავს ზეითუნის ხესთან მდგარ სასიყვარულო სუბიექტს.
მოხუცებული კაცი ბაადის მისი გამოცდილების შესახებ უყვება - ის ბაადის ეუბნება, რომ მასაც იდენტური პრობლემა ჰქონდა ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ - ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაათენდა მოხუც კაცს ბლის ჭამისას კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ ადამიანის არსებითი მისია, საკუთარი "ბლის" პოვნაა ცხოვრებაში.
ძნელია იმის განსაზღვრა დალია თუ არა ბაადიმ საძილე აბები, იპოვა თუ არა მისი ბალი, თუმცა ფინალიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავიტოვოთ ბავშვური იმედი, რომ ბაადის ბალი ღრუბლებში გამოკიდებული მთვარე აღმოჩნდა.
ამ შორეულ უდაბნოში
ჩამავალი, დამრეცი მზის ქვეშ
შენ ვერ მეტყვი რომ თოვს - სოჰეილ ნაფისი (ფერიები).











