ბრიტანული ახალი ამბების ვებგვერდი UK Defence Journal და ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენებმა მისურის შტატში მდებარე უაიტმენის საჰაერო ბაზა დატოვეს და დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ.
წყაროების ცნობით, ბომბდამშენებს თან ახლავთ თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერები, რომლებსაც ჰაერში ბომბდამშენების საწვავით მომარაგება შეუძლიათ.
ზოგიერთი ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსის მიხედვით, თავდაპირველი დანიშნულების ადგილი აშშ-ს გუამის ტერიტორიის სამხედრო ბაზაა, საიდანაც ბომბდამშენები, სავარაუდოდ, ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიის სამხედრო ბაზაზე განლაგდებიან, რომელიც თეირანიდან 5 000-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავების ორი ჯგუფი, რომელთაგანაც თითოეული ოთხი საჰაერო ტანკერისგან შედგება, ესკორტს უწევს B-2 ტიპის 6 ბომბდამშენს, რომლებიც კოდურ სახელწოდებას "MYTEE21-ს" იყენებენ. აღნიშნული სახელწოდება წარსულში სტელსის ტიპის ბომბდამშენების მისიებთან იყო დაკავშირებული.
B-2 Spirit შორი რადიუსის საიერიშო მისიებისთვის არის შექმნილი და მას, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის, გადატანაც შეუძლია. ამასთან, აღნიშნული ბომბდამშენი ერთადერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელსაც ბუნკერების საწინააღმდეგოდ შექმნილი GBU-57-ის ტიპის ბომბის გადატანის უნარი აქვს.
თავდაპირველად აშშ-მ დიეგო გარსიაზე B-2 ტიპის ექვსი ბომბდამშენი აპრილის თვეში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით ისინი Boeing B-52-ის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ჩაანაცვლეს, B-2 Spirit-ები კი აშშ-ში დაბრუნდნენ.





