ირან-ისრაელის კონფლიქტი

ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ირანზე იერიშების მორიგი ტალღა წამოიწყეს

ისრაელის თვითმფრინავი
69-ე ესკადრილიის F-15-ები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ავიაგამანდგურებლების მეშვეობით დასავლეთ ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა წამოიწყეს.

ინფორმაციას ისრაელის მედია სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.  

პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელსა და ირანს შორის დარტყმების გაცვლა გრძელდება, თუმცა, ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის იერიშები უფრო ეფექტიანად მოქმედებს. განადგურებულია ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვებები, დაზიანებულია ბირთვული ლაბორატორიები. 

მზარდი დაძაბულობის ფონზე, 16 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ეს მოწოდება შემდეგში გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც.

კომენტარები