ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება (NPT) დატოვოს.
"ბოლო მოვლენების ფონზე, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მთავრობას ევალება პარლამენტის კანონების აღსრულება, თუმცა ეს წინადადება ჯერ მხოლოდ მომზადების ეტაპზეა და შემდგომ ეტაპებზე მასზე კოორდინაციას პარლამენტთან ერთად მოვახდენთ". - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა ისმაილ ბაღაემ პრესკონფერენციაზე, როდესაც ირანის NPT-დან შესაძლო გამოსვლაზე ჰკითხეს.
ბაღაემ აღნიშნა, რომ ისრაელის თავდასხმა, "ბუნებრივად ახდენს გავლენას სახელმწიფოს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე".
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯერ არ არსებობს გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან ხელშეკრულების დატოვების შესახებ. ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, წინადადება სამართლებრივი პროცესის საწყის ეტაპზეა.
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ირანი 1970 წელს შეუერთდა, სახელმწიფოებს აძლევს უფლებას განავითარონ მშვიდობიანი ბირთვული ენერგია იმ პირობით, რომ ისინი უარს ამბობენ ატომური იარაღის შექმნაზე და თანამშრომლობენ გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა 15 ივნისს განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი წინააღმდეგობაშია უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, რელიგიურ დადგენილებასთან.





