ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წერს, რომ ირანზე ისრაელის იერიშების შესაძლო მიტანის ფონზე, აშშ-მ არამხოლოდ ერაყის საელჩოში პერსონალის შემცირება, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე საელჩოებში დამატებითი ზომების მიღება გადაწყვიტა.
როგორც Washington Post-ი წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა საელჩოს, რომელიც ირანის საიერიშო შესაძლებლობების არეალში ექცევა, უბრძანა, რომ შექმნან საგანგებო მოქმედების კომიტეტები და ვაშინგტონში გაგზავნონ დიპლომატიური ტელეგრამები, რისკების შემცირების ზომების შესახებ. ეს ბრძანება ეხება აშშ-ს მისიებს, რომლებიც მდებარეობენ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
WP განმარტავს, რომ ამ პროცედურას მოჰყვა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოს გადაწყვეტილება, რომ ერაყში მყოფი დიპლომატიური მისიიდან ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამშრომლები გამოეყვანათ.
აღსანიშნავია, რომ Washington Post-ის ინფორმაციის გათვალისწინებით, შესაბამისი დავალება უნდა მიეღო საქართველოში მდებარე აშშ-ს საელჩოსაც, რადგან ისიც ირანის რაკეტების დაფარვის არეალში მდებარეობს.
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ბოლო თვეებში აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს შესაძლოა ვაშინგტონის თანხმობის გარეშე დაარტყას. მსგავსი იერიშები ტრამპის ადმინისტრაციის მოლაპარაკებებს ჩაშლის.
ირანისა და აშშ-ს მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ომანში, 15 ივნისს არის დაგეგმილი. თუმცა WP-ს წყაროები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა არ გაიმართოს. აქამდე ტრამპი მოლაპარაკებებს, რომლებიც აპრილში დაიწყო, დადებითად აფასებდა, ამბობდა, რომ პოზიტიური მიმართულებით ვითარდებოდა. მისი თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სამხედრო გეგმები დროებით გადაედო. თუმცა, 11 ივნისს ტრამპმა თქვა, რომ "ნაკლებად დარწმუნებულია" რომ ირანი აშშ-ს მოთხოვნებს დათანხმდება და ურანის გამდიდრების პროგრამას შეაჩერებს.





