აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ირანი იმუქრება, რომ აშშ-სთან კონფლიქტის შემთხვევაში, რეგიონში ამერიკულ ბაზებს დაარტყამს

ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე
Miraflores Palace/Handout via REUTERS/File Photo

ირანის თავდაცვის მინისტრის, აზიზ ნასირზადეს განცხადებით, თუ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამის შედეგად კონფლიქტი აღმოცენდება, ირანი რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებს დაარტყამს. ამის შესახებ ნასირზადემ აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდის დაწყებამდე, პრესბრიფინგზე საუბრისას განაცხადა. 

"მეორე მხარის რამდენიმე ოფიციალური პირი კონფლიქტით იმუქრება, თუ მოლაპარაკებები ნაყოფს არ გამოიღებს. თუ ჩვენს წინააღმდეგ კონფლიქტი დაიწყება, ყველა ამერიკული ბაზა ჩვენთვის მისაწვდომია და მასპინძელ ქვეყნებში ჩვენ თამამად დავესხმებით მათ თავს". - თქვა ნასირზადემ ყოველკვირეულ პრესბრიფინგზე. 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რამდენჯერმე გაუხმოვანებია მუქარა, რომ აშშ ირანს დაბომბავს, თუ მათ შორის ახალი ბირთვული შეთანხმება მიღწეული არ იქნება. 

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების შემდეგი, მეექვსე რაუნდი მიმდინარე კვირაში გაიმართება. ტრამპი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ხუთშაბათს, 12 ივნისს დაიწყება მაშინ, როცა თეირანის თქმით, მოლაპარაკებები ომანში კვირას, 15 ივნისსაა დაგეგმილი. 

Reuters-ის ცნობით, დაგეგმილ მოლაპარაკებებზე თეირანი ვაშინგტონს, დიდი ალბათობით, აშშ-ს წინადადების საპასუხოდ, რომელზეც უარი თქვა, საკუთარ წინადადებას წარადგენს. აშშ-ს პრეზიდენტმა ამის შესახებ 10 ივნისს განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებში "კიდევ უფრო აგრესიული" ხდება. 

თეირანსა და ვაშინგტონს შორის საკამათო საკითხი ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრებაა, რომლითაც, დასავლეთის აზრით, ირანი მოგვიანებით ბირთვული იარაღის განვითარებას შეეცდება. საპასუხოდ, ირანი დღემდე ამტკიცებს, რომ ურანის გამდიდრებას მხოლოდ ენერგეტიკული მიზნებისთვის ცდილობს. 

"იმ ფონზე, რომ კვირას მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, ცხადია, რომ შეთანხმება, რომელსაც ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფა შეუძლია, მიღწევადია და სწრაფად შეიძლება, გაფორმდეს". - დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ X-ზე 11 ივნისს. 

მოლაპარაკებების კიდევ ერთი საკითხი ირანის სარაკეტო პროგრამაა. ბალისტიკური რაკეტები ირანის არსენალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

ნასირზადემ ამ საკითხის შესახებ საუბრისას აღნიშნა, თეირანმა ცოტა ხნის წინ გამოსცადა რაკეტა 2-ტონიანი ქობინით და ამაზე შეზღუდვებს არ დათანხმდება. 

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თებერვალში განაცხადა, რომ ირანმა საკუთარი არმია კიდევ უფრო უნდა განავითაროს, მათ შორის, რაკეტებიც. 

ცნობისთვის, გაეროს ბირთვული მონიტორინგის სააგენტოს საიდუმლო ანგარიშის თანახმად, ირანი ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებული ურანის მარაგის ზრდას აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-მა 1-ელ ივნისს გაავრცელა. 

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშში, რომელზეც AP-მ წვდომა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ 2025 წლის 17 მაისის მდგომარეობით, ირანი ფლობს 408.6 კილოგრამ ურანს, რომელიც 60%-მდეა გამდიდრებული.

ეს ნიშნავს იმას, რომ თებერვლის შემდეგ თეირანმა 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგი 133.8 კილოგრამით გაზარდა. IAEA-ს მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იმ დროს ირანის მარაგი 274.8 კილოგრამს შეადგენდა.

როგორც AP წერს, მხოლოდ მცირე ტექნიკური პროცესია საჭირო, რათა თეირანმა დაგროვებული ურანი 90%-მდე გაამდიდროს, რითიც შემდგომ ბირთვული იარაღის დამზადება შეეძლება. 

IAEA-ს გენერალურ დირექტორს, მარიანო გროსის ხშირად უთქვამს, რომ "ირანი ბირთვული იარაღის არმქონე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ურანს ამ დონემდე ამდიდრებს". 31 მაისს გროსიმ განაცხადა, რომ იგი "კვლავაც მოუწოდებს ირანს, სრულად და ეფექტურად ითანამშრომლოს" IAEA-სთან. 

კომენტარები