გამოცემა Axios ისრაელელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მისი აზრით, ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს და მაშასადამე, იგი ამ ეტაპზე სამხედრო ნაბიჯების გადადგმას ეწინააღმდეგება.
გამოცემის წყაროების ცნობით, 40-წუთიანი ზარის განმავლობაში, რომელიც 9 ივნისს გაიმართა, ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ ირანელები ექსპერტები არიან პროცესის გაჭიანურებაში და მაშასადამე, საჭიროა, რომ ირანმა სარწმუნო სამხედრო საფრთხე იგრძნოს.
ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, "ტრამპი ამ დასაბუთებით დარწმუნებული არ ჩანდა".
მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ირანელები "ჯიუტები" არიან და რომ იგი მათი საქციელით გაღიზიანებულია, მაგრამ მიაჩნია, რომ შეთანხმების დადების მხრივ მათი დარწმუნება შესაძლებელია. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ნეთანიაჰუსთან საუბრისასა აღნიშნა, რომ მას სურს, იხილოს, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი. ტრამპის თქმით, მოლაპარაკებები ხუთშაბათს გაიმართება, თუმცა თეირანის მიხედვით, მომდევნო რაუნდი ომანში კვირას, 15 ივნისს, შედგება.





