საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა, გიორგი გვიმრაძემ და ნინო ხელაიამ კრემლისტურ პარტიასთან "სოლიდარობა მშვიდობისთვის" დაკავშირებული ორგანიზაციის, კერძოდ კი "სოციალისტური პლატფორმის" ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
თბილისში, 18 მაისს "სოციალისტური პლატფორმის" ინიციატივით ჩატარებული კონფერენციის მონაწილეები (როგორც თავად პლატფორმის ორგანიზატორები აღნიშნავენ) მხარს უჭერენ "საქართველოს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას".
კონფერენციის თემა იყო "თანამედროვე ფაშიზმი. პროდასავლური ულტრამემარჯვენე ძალები და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე".
"აღვნიშნავთ, რომ კონსერვატიულ ძალებს, რომლებიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხოლო სხვაგან მზარდ გავლენას ახდენენ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, სწორი იქნება, თუ სუვერენიტეტის მოპოვების გზაზე ტაქტიკურ და არა სტრატეგიულ (ხანგრძლივი პერიოდის) მოკავშირეებად განვიხილავთ. ტრამპის კონსერვატულ ადმინისტრაციასთან არსებული არაერთმნიშვნელოვანი ურთიერთობებიც ამ პოზიციის სისწორეს ადასტურებს" - ვკითხულობთ კონფერენციის რეზოლუციაში.
ამასთან, რეზოლუციაში უკრაინის ხელისუფლება ნაცისტურ რეჟიმადაა მოხსნიებული და აღნიშნულია, რომ ის "უარყოფით გავლენას ახდენს პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ ატმოსფეროზე”, რადგან პროდასავლურ ძალებს აძლიერებს.

მითების დეტექტორის ცნობით, "სოციალისტური პლატფორმა" კრემლისტურ პარტიასთან "სოლიდარობა მშვიდობისთვის" დაკავშირებული Facebook-გვერდია, რომელიც ანტიდასავლური და კრემლისტურ-პრორუსული ნარატივების გავრცელებისთვის გამოიყენება.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ნუკრი შოშიაშვილი, ჯაბა ჭანკვეტაძე და ბაქარ ბერეკაშვილი.






