პრორუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, პუტინისტი "ღამის მგლები" საქართველოში დაპატიჟა

26 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია პუტინისტურ დაჯგუფება "ღამის მგლებს" საქართველოში ეპატიჟება და ამბობს, რომ "რუსეთი აყვავდება"

"კლუბი "ღამის მგლები" აუცილებლად უნდა იყვნენ საქართველოში. ჩვენ გელოდებით. მადლობა მიწვევისთვის! რუსეთი აყვავდება!" - ამბობს პრორუსი ფიფია გავრცელებულ ვიდეოში.

პუტინისტი "ღამის მგლების" ლიდერმა, ალექსანდრ ზალდოსტანოვმა ვიდეოში ფიფიას რუსეთის დროშა აჩუქა, ხოლო ფიფიამ მას საქართველოს დროშა გადასცა.

ვიდეოს ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარი, პაატა აბულაძე Facebook-ზე ავრცელებს.

ფიფიას პრორუსული პარტიის წევრები 4 აგვისტოს გეორგიევსკის ტრაქტატის 241 წლისთავის აღსანიშნავად თელავში ჩავიდნენ და ერეკლე II-ის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. 

მათ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნითა და "ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის" დადების შეთავაზებით მიმართეს

მამუკა ფიფიას თქმით კი, საქართველოს "სახლში დაბრუნება სჭირდება". 

"ჩვენ გადაგვარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა. რო არ ყოფილიყო გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველო, არ ვიცი, იქნებოდა თუ არა საერთოდ. [...]

ჩვენ 32 წელია ერთ წრეში დავდივართ [გულისხმობს საბჭოთა კავშირის დაშლიდან გასულ დროს]. ჩვენ გვჭირდება სახლში [რუსეთში] დაბრუნება" - თქვა ფიფიამ ჟურნალისტთან საუბრისას. 

პარტიამ მიმართვა წინა დღეს, 3 აგვისტოს დააანონსა

ფიფიას პუტინისთვის ადრეც მიუმართავს. მაშინ სერგეი გავრილოვთან დაახლოებული, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი პუტინს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას სთხოვდა

კომენტარები