აზერბაიჯანული გაზი

გერმანიამ აზერბაიჯანული Socar-ისგან გაზის შესყიდვის 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა

გერმანიის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფმა კომპანია SEFE-მ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ისგან გაზის შესყიდვის 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შეთანხმება, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის, გერმანულ კომპანიას საშუალებას აძლევს წლიურად 15 ტერავატ/საათმდე გაზი შეიძინოს, რაც დაახლოებით წლიურად 1.5 მილიარდი კუბური მეტრის ტოლია.

როგორც კომპანიების განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმება ხელს შეუწყობს ისეთ წარმოებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, როგორიცაა გაზის კომპრესორები და გაზრდის მილსადენებით გაზის მიწოდებას ევროპაში, რაც ხელს შეუწყობს კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

SEFE აღმასრულებელი დირექტორის, ეგბერტ ლაეგეს თქმით, გრძელვადიანი ხელშეკრულება გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო კავშირების დასტურია.

როგორც გამოცემა Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ, გაზი ევროპამდე ტრანს ადრიატიკული მილსადენის გავლით ჩავა.

კომენტარები